მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არაალკოჰოლური სასმელების მარკირების საკითხზე ბიზნესის საჩივარი საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო

5885b30e44376
სალომე მეცხვარიშვილი
23.01.17 11:33
1848
არაალკოჰოლური სასმელების მარკირების საკითხზე ბიზნესის საჩივარი საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ მარკირების საკითხზე ბიზნესსა და ფინანსთა სამინისტროს შორის დავა საჯაროდ დაახლოებით ერთი წლის წინ დასრულდა, პროცესმა სასამართლოში გადაინაცვლა და განვითარებაც სწორედ ამ მიმართულებით მოჰყვა. გასული წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით, პროცესში საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია ჩაერთო და მწარმოებლების სარჩელს სწორედ ის განიხილავს. მწარმოებლები რამდენიმე მიმართულებით ჩივიან, თუმცა, საკონსტიტიციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო სარჩელის ის ნაწილი, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192 -ე მუხლის კონსტიტუციურობას შეამოწმებს.

უალკოჰოლო სასმელების მწარმოებლებმა საკონსტიტუციო სასამართლოს საჩივრით 2015 წლის დეკემბერში მიმართეს. საჩივარში აღნიშნულია, რომ მაღალია რისკი, მწყობრიდან გამოვიდეს მარკირების აპარატი, რომელიც შვეიცარიულ კომპანია „სიკპას“ ეკუთვნის. მექანიზმის ერთი საათით მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაშიც კი საწარმოს სოლიდური ზიანი ადგება. მეწარმეები მიუთითებენ, რომ გაუმართაობის აღმოფხვრის უფლება და ექსკლუზიური წვდომა მარკირების დალუქულ აპარატთან მხოლოდ მარკირებისთვის შერჩეულ პირსა და მის წარმომადგენელს აქვთ.

"მოსარჩელეთა განმარტებით, ასევე გაუთვალისწინებელია „დაუმარკავი პროდუქციის“ გამო სანქციების წარმოშობის რისკი, რადგან მეწარმეს არ აქვს შესაძლებლობა, დამოუკიდებლად გააკონტროლოს, სწორად მოხდა თუ არა პროდუქციის მარკირება. თუკი მარკირების აპარატი მწყობრიდან გამოვიდა, მეწარმეს ამგვარი ხარვეზის შეტყობის საშუალება არ აქვს, რადგან არ გააჩნია წვდომა მარკირების სისტემასთან. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ ამგვარი გაუმართაობის ალბათობა საკმაოდ მაღალია, მეწარმეს კი მკაცრი სანქციები დაეკისრება ქმედებისთვის, რომელიც მისგან დამოუკიდებლად ხდება და მისი პრევენციის საშუალება არ აქვს”,- ნათქვამია საკონსტიტუციო სასამათლოს გადაწყვეტილებაში.

საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ მარკირების მომსახურების საფასური ძალიან მაღალია. მწარმოებლები აცხადებენ, რომ პროდუქციის მარკირებას თავადაც ახდენენ და მარკირების მომსახურების საფასური 45-ჯერ აღემატება მათ მიერ გაწეული მარკირების ხარჯს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ჯერჯერობით მწარმოებლებს მარკირების გადასახადის გადახდა არ უწევთ, რადგანაც ამ ხარჯებს სახელმწიფო იღებს საკუთარ თავზე.

რაც შეეხება საჩივრის მეორე ნაწილს, რომელიც სასამართლომ არ მიიღო. ამ ნაწილში ბიზნესი აცხადებდა, რომ არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებლები ექვემდებარებიან უფრო მკაცრ რეგულაციას, უფრო მეტ სამომხმარებლო ტვირთს, ვიდრე, მაგალითად, საკვები პროდუქტების ან ფარმაცევტული ნაწარმის მწარმოებლები.

„მოსარჩელეთათვის გაუგებარია, რა საჭიროა ისინი დაექვემდებარონ სადავო ნორმებით გათვალისწინებულ მარკირებას, თუკი სხვა სამეწარმეო სფეროების შემთხვევაში საგადასახადო ადმინისტრირება მარკირების გარეშეც შესაძლებელია. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ამგვარად წარმოების პროცესში მეტი ფინანსური ვალდებულების დაკისრებით უსაფუძვლოდ იზღუდება მათი სამეწარმეო თავისუფლება. ამასთან, თანასწორობა ამ შემთხვევაში მეწარმეობის თავისუფლების კომპონენტია და საკითხის შეფასება მის ფარგლებში უნდა მოხდეს.

მოსარჩელეები ასევე აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო ახდენს დიფერენცირებას არსებითად თანასწორ პირებს – არაალკოჰოლური სასმელების და სხვა სახის პროდუქციის მწარმოებლებს შორის. მათი თანასწორობა კი გამოიხატება იმაში, რომ ისინი არიან მოგებაზე ორიენტირებული საწარმოები, ამასთანავე, მათი საწარმოო საქმიანობის ფორმა (მაგალითად, პროდუქციის გამოშვება, შესაბამისი დანადგარები, ხაზები) მსგავსია. დისკრიმინაცია ხდება მეწარმეობის სფეროს ნიშნით, რომელიც არ წარმოადგენს კლასიკურ ნიშანს, თუმცა დიფერენცირების ხარისხის გათვალისწინებით, სასამართლომ უფლებაში ჩარევის შეფასებისას უნდა გამოიყენოს მკაცრი ტესტი“,- ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის მოთხოვნა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე.

შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, სავალდებულო მარკირებას არაალკოჰოლური კომპანიების პროდუქციაც ექვემდებარება. 2015 წლის ნოემბრიდან სავალდებულო მარკირებას შვეიცარიული კომპანია "სიქპა" ახორციელებს.