მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აკაკი ცომაია: პრემიერმა TBC ბანკის შესახებ, რბილად რომ ვთქვათ, იცრუა

5c4208dad3fe7
BM.GE
18.01.19 21:00
947
"თუ კითხვები არსებობს ეს კითხვები ეხება არა საფინანსო ისნტიტუტს, არამედ - მის აქციონერს,"- განაცხადა პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

ეკონომისტ აკაკი ცომაიას შეფასებით, პრემიერმინისტრის ეს განცხადება სრულ სიმართლედ ვერ ჩაითვლება, რადგანაც პროკურატურაში გამოძიება ბანკის არა - რომელიმე რიგითი აქციონერის, არამედ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის წინააღმდეგ დაიწყო.

ცომაიას თქმით, ხაზარაძე სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეც რომ არ ყოფილიყო, მის საკუთრებაში არსებული აქციების რაოდენობა ბანკზე გავლენის მოსახდენად საკმარისია. 

"ბანკის მხოლოდ ცალკეულ აქციონერებზეც რომ იყოს საუბარი და აქ არ არის საუბარი, ერთი ან ორი პროცენტის, არამედ იმ ოდენობის აქციებზე, რომლებიც გავლენას ახდენს კომპანიის მენეჯმენტზე. ამ დაშვებითაც კი ეს მთლიანად საბანკო სისტემაზე ახდენს გავლენას, მაგრამ ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პრემიერ-მინისტრი ამ შემთხვევაში რბილად რომ ვთქვათ, ტყუის, იმიტომ რომ საუბარია იმ აქციონერებზე, რომლებიც წარმოადგენენ ამავე დროს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს და მათ შორის ერთ-ერთი არის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. სწორედ მამუკა ხაზარაძის მიმართ პროკურატურა იძიებს კონკრეტულ საქმეს და ედავება მას ფულის გათეთრებას. ეს ბუნებრივია, ბანკის რეპუტაციაზე და ზოგადად საფინანსო სისტემაზე და მათ შორის ბანკის უცხოელ ინვესტორებზე, უცხოელ დეპოზიტარებსა და აქციონერებზე მოქმედებს,"- ამბობს ცომაია. 

მამუკა ხაზარაძე TBC-ის აქციათა პაკეტის - 13.52%-ის, ბადრი ჯაფარიძე კი 6.76%-ის მფლობელია. ხაზარაძე ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე TBC-ის სააქციო საზოგადოებად ჩამოყალიბების დღიდან - 1992 წლიდან არის. ბადრი ჯაფარიძე კი, 1996 წლიდან  ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა.