მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აღსრულებისა და გადახდისუუნარობის მიმართულებით მასშტაბური რეფორმები დაიწყება"

5c9230b446762
თელარა გელანტია
20.03.19 16:21
995
საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადებით, უახლოეს პერიოდში პარლამენტში გადახდისუუნარობისა და აღსრულების ახალი კოდექსების პროექტების წარდგენა მოხდება.

თეა წულუკიანის შეფასებით, ეს იქნება ძირეული და მასშტაბური რეფორმა, რომელიც ბევრ სიახლეს შესთავაზებს საზოგადოებას და განსაკუთრებით ბიზნეს საქმიანობით დაკავებულ ადამიანებს.

,,ძირეული, მასშტაბური რეფორმის პროექტი პრაქტიკულად მომდევნო კვირებში თქვენს წინაშე იქნება წარმოდგენილი. დღეს მოქმედებს უკვე მოძველებული კანონი გაკოტრების შესახებ, გადახდისუუნარობის პროცედურა საჭიროებს რეფორმას და ჩვენ წარმოგიდგენთ სრულიად ახალ კანონს, რომელიც ბევრ სიახლეს შემოგთავაზებთ. ამ კანონპროექტს ელოდება თითოეული ჩვენი მოქალაქე, მითუმეტეს ისინი, ვინც ბიზნეს საქმიანობაში არიან ჩართული.

ასევე უახლეს დღეებში თქვენს წინაშე წარმოვადგენთ აღსრულების სრულიად ახალ კოდექსს“ - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა საქართველოს პარლამენტში, სადაც ის მინისტრის საათის ფარგლებში დეპუტატების წინაშე ანგარიშით გამოვიდა.

თეა წულუკიანმა Doing Business-ის რეიტინგში გადახდისუუნარობისა და კონტრაქტების აღსრულების კუთხით საქართველოს სწრაფ წინსვლაზეც გაამახვილა ყურადღება.
,,მიუხედავად იმისა, რომ გადახდისუუნარობის დიდი რეფორმა უახლეს კვირებში იქნება წარმოდგენილი თქვენს წინაშე და მანამდე გადახდისუუნარობა რჩება იუსტიციის სისტემის აქილევსის ქუსლად, ჩვენ მაინც მოვახერხეთ ამ მიმართულებით პოზიციის გამყარება. 2012 წელს საქართველო მსოფლიოში 109-ე ადგილზე იყო, დღეს კი ვართ მსოფლიოში მე-60 და თუკი ამ რეფორმას თქვენი მხარდაჭერა ექნება, ვვარაუდობთ, რომ 2020 წლისთვის აქაც უნდა გავაკეთოთ ძალიან დიდი ნახტომი ბიზნესის შეფასების ნაწილში“, - განაცხადა წულუკიანმა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა აღსრულების ეროვნული ბიუროს დამსახურებას Doing Business-ის რეიტინგში კონტრაქტების აღსრულების ნაწილში საქართველოს დაწინაურებას.
,,ჩვენ ასევე დიდი წინსვლა გვაქვს კონტრაქტების აღსრულების ნაწილში, რაშიც აღსრულების ეროვნულ ბიუროს ლომის წვლილი მიუძღვის. თუკი 2012 წელს საქართველო კონტრაქტების აღსრულების კუთხით 41-ე ადგილზე იყო, დღეს ჩვენ მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მე-8 ადგილზე ვართ“, - განაცხადა მინისტრმა.