მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

7 წესი ონლაინ შოპინგის უსაფრთხოებისთვის

5a1a6758a4cac
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი
26.11.17 12:00
1743
საახალწლო ფასდაკლებების სეზონი ახლოვდება და, ალბათ, ონლაინ-შოპინგისთვის უკვე ემზადებით. თუმცა ამ დღეებისთვის არანაკლებ აქტიურად ემზადებიან ინტერნეტ-თაღლითებიც, რომლებიც სეილის ნაცვლად თქვენს შეცდომებს დარაჯობენ. იმისთვის, რომ საშოპინგო კალათის გავსების მაგივრად თქვენი ანგარიში არ დაცარიელდეს, უსაფრთხოების მარტივი წესების დაცვაა საჭირო.

იყიდეთ ნივთები სანდო online-მაღაზიებში

ეცადეთ ისეთ ქართულ თუ უცხოურ ონლაინ-მაღაზიებში იშოპინგოთ, რომლებსაც უკვე აქვთ რეპუტაცია და მომხმარებლის ნდობა. მათი გადახდის სისტემა როგორც წესი, დაცული და უსაფრთხოა. თუ ახალ ვებგვერდზე შესვლას გადაწყვეტთ, წინასწარ მოიძიეთ ინფორმაცია საიტისა და რეალიზატორის შესახებ. გაეცანით სხვა მომხმარებელთა შეფასებას და გამოცდილებას. არ გახსნათ ისეთი ვებგვერდის ლინკი, რომელიც ელექტრონული ფოსტის საეჭვო გზავნილებში, (Spam-ში) შემოვიდა რეკლამის სახით, რადგან შესაძლოა გახდეთ ე.წ „phishing“-ის მსხვერპლი: შეგიტყუონ ყალბ ვებგვერდზე, შეგაყვანინონ ანგარიშის ნომერი CVC კოდი, პაროლი და სხვა პერსონალური მონაცემები, შემდეგ კი ისინი სხვადასხვა მიზნისთვის გამოიყენონ.

ყურადღება მიაქციეთ ბოქლომის და HTTPS://-ს ნიშანს

ნივთები შეიძინეთ ისეთი ვებგვერდებიდან, რომლებსაც მისამართის ველში თან ერთვის ბოქლომის სიმბოლო, რაც მიუთითებს  ტრანზაქციების დაცულობაზე. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ბოქლომის სიმბოლოსთან ერთად მისამართის პანელი უნდა იწყებოდეს  ასე: HTTPS:// და არა ასე: HTTP://
ამ შემთხვევაში S-ი (secure) საიტის უსაფრთხოების ნიშანია.

გამოიყენეთ ფულადი ანგარიშსწორების უსაფრთხო მეთოდები

ინტერნეტში ფულადი ანგარიშსწორების მეთოდებს შორის  ყველაზე უსაფრთხო პლასტიკური ბარათით ანგარიშსწორებაა, რადგან თუ პროდუქცია არ გამოიგზავნება დანიშნულების ადგილზე ან არასწორ ნივთს მოგიტანენ, თანხის დაბრუნების შესაძლებლობა გექნებათ. ინტერნეტ შესყიდვებისთვის სასურველია, გქონდეთ სპეციალური საკრედიტო ბარათი, რომელზეც მხოლოდ ლიმიტირებული თანხაა ხელმისაწვდომი. ასეთ შემთხვევაში ბარათის მონაცემები რომც მოგპარონ, მხოლოდ მცირე თანხას წაიღებენ და არა მთელ დანაზოგს ან ხელფასს. კარგი იდეაა ბარათის დაზღვევაც. ასევე, გახსოვდეთ, რომ არასოდეს უნდა გასცეთ თქვენი საკრედიტო ბარათის მონაცემები ელექტრონული ფოსტის საშუალებით. არასასურველია ონლაინ მაღაზიის ვებგვერდზე ასეთი პუნქტის მონიშვნაც: "დაიმახსოვრე ჩემი ბარათი მომავალი
შესყიდვებისთვის" (remember my card)

ინტერნეტბანკის პაროლი რთული უნდა იყოს

ონლაინ შოპინგის დროს და ყველა სხვა შემთხვევაში, სასურველია გამოიყენოთ უნიკალური და რთული, მრავალფეროვანი კომბინაციისგან შემდგარი პაროლი. რთული პაროლი ნიშნავს სულ ცოტა 8-დან 12-მდე სიმბოლოს, ციფრებს, სხვადასხვა ნიშანს, დიდ და პატარა ასოებს. გვესმის, რომ ასეთი პაროლების დამახსოვრება რთულია, თუმცა თუ მარტივ და ერთსა და იმავე პაროლს გამოიყენებთ, ერთ ანგარიშზე უნებართვო წვდომა საფრთხეში ჩააგდებს თქვენს სხვა ანგარიშებსაც. თავისთავად ცხადია, რომ ინტერნეტბანკის პაროლი თქვენს გარდა არავინ უნდა იცოდეს!

აკონტროლეთ თქვენი ტრანზაქციები

ხშირად შეამოწმეთ საბანკო ანგარიშები და დარწმუნდით, რომ თქვენი ბარათიდან ტრანზაქციები მხოლოდ თქვენი განხორციელებულია. არ არის გამორიცხული თაღლითებმა თქვენი ანგარიშიდან თანხა ერთბაშად კი არა, ეტაპობრივად, პატარ-პატარა თანხებით წაიღონ, რაც გაცილებით რთული შესამჩნევია. თუ იპოვეთ ტრანზაქცია, რომელიც თქვენი არ არის, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ბანკს.

ეცადეთ online შოპინგისას არ გამოყენოთ Public Wi-Fi

არ გირჩევთ საჯარო უსადენო ინტერნეტ ქსელის (Wi-Fi) გამოყენებით თქვენ ანგარიშზე შესვლას და ტრანზაქციების განხორციელებას. ჩათვალეთ, რომ ასეთ დროს თქვენი ანგარიშის დაცულობა მინიმალურია. ასევე, ონლაინ შესყიდვისას სასურველია არ ისარგებლოთ საერთო მოხმარების კომპიუტერით. ამ
შემთხვევაში სისტემა იმახსოვრებს თქვენ მიერ ინტერნეტში განხორციელებულ ქმედებებს და ვინ იცის, ვინ დაჯდება ამ კომპიუტერთან თქვენს შემდეგ. თუ მაინც მოგიწიათ public Wi-Fi-ს ან უცხო კომპიუტერის გამოყენება, პაროლები უნდა შეცვალოთ.

აკონტროლეთ პერსონალური მონაცემების გაცემა

ყურადღებით დააკვირდით, რა სახის პერსონალურ  ინფორმაციას ითხოვს ვებგვერდი ტრანზაქციის დასასრულებლად. როგორც წესი, ონლაინ მაღაზიას არ სჭირდება ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა თქვენი პირადი ნომერი, თუმცა ესაჭიროება მისამართი და საბანკო ბარათის რეკვიზიტები. გაეცანით მაღაზიის მონაცემთა დამუშავების წესებს, რომელიც, როგორც წესი, მოცემულია კონფიდენციალობის პოლიტიკის დოკუმენტში (Privacy Policy). და თუ მათ კეთილსინდისიერებაში ეჭვი შეგეპარებათ, კარგად დაფიქრდით, ღირს თუ არა ესა თუ ის ნივთი უარის თქმად საკუთარ უსაფრთხოებაზე.