მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

7 ფაქტი ქართული ტურისტული სექტორის შესახებ

5bc9d05839c90
შოთა ტყეშელაშვილი
19.10.18 17:00
1517
საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდ ტურისტულ დანიშნულებად იქცა. ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ტურისტების რაოდენობის 27%-იანი ზრდის ტემპით მსოფლიოში მეოთხე იყო, საქართველოს ამ მხრივ მხოლოდ ეგვიპტე (55%), ტოგო (46%) და ვიეტნამი (29%) უსწრებდნენ.

გასულ წელს საქართველოს საზღვარი სულ 7 ნახევარმა მილიონმა ადამიანმა გადაკვეთა, საიდანაც ტურისტი 3 მილიონ 400 ათასი იყო. საერთაშორისო მეთოდოლოგიის მიხედვით, ტურისტებად შეიძლება ჩაითვალონ მხოლოდ ის პირები, ვინც ქვეყანაში 24 საათზე მეტხანს რჩებიან და ქვეყნის მომსახურების სექტორს - სასტუმროებსა თუ რესტორნებს იყენებენ.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წლის ივლისში პირველად, ერთი თვის განმავლობაში ტურისტული სექტორის მთლიანმა შემოსავალმა 400 მილიონ დოლარს გადააჭარბა. აგვისტოში კი ეს მაჩვენებელი 441 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ხოლო იანვარ-აგვისტოში ტურიზმის შემოსავლებმა 2,233 მილიარდი შეადგინა. ეს ამავე პერიოდში საქონლის ექსპორტს 87 მილიონი დოლარით აღემატება. ტურიზმის ზრდის ასეთი ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში 2018 წელს პირველად, ტურიზმის შემოსავალი $3 მილიარდს გადააჭარბებს.

სექტორის ასეთი ზრდის გამო სულ უფრო მეტი ადამიანი ერთვება ამ ბიზნესში. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, დღეისთვის საქართველოში რეგისტრირებულია 2349 სასტუმროს ტიპის ობიექტი, რომლებშიც ნორმების საერთო რაოდენობა 34,212-ია. ეს 2017 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 27%-ით აღემატება. ხოლო საწოლების საერთო რაოდენობა დღეს 84 ათას შეადგენს, როდესაც ის გასულ წელს 65 ათასს შეადგენდა.

რეგისტრირებულ ობიექტებზე გაცილებით მაღალი ტემპით იზრდება ინტერნეტით, Booking.com-სა და AirBNB-ზე შეთავაზებული ობიექტების რაოდენობა. უძრავი ქონების სააგენტო Colliers-ის მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით, 2017 წელს თბილისში რეგისტრირებული აპარტამენტების რაოდენობა 70%-ით, 9,679-მდე გაიზარდა. დაჯავშნილი ოთახების 63% თბილისის ისტორიულ უბნებზე, მთაწმინდაზე, სოლოლაკზე, ავლაბარზე, ჩუღურეთსა და ვერაზე მოდის.



რაც შეეხება სასტუმრო ნომრების ფასებს, მათ 2017 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული კვლევითი ორგანიზაცია PMC სწავლობს. მათ მიერ გამოქვეყნებული უკანასკნელი ანგარიშით, რომელიც 2018 წლის სექტემბრის მდგომარეობას ასახავს, თბილისში 4 ვარსკვლავიან სასტუმროში ორადგილიანი ნომრის საშუალო ფასი 258 ლარია, მართალია, კვლევა 2017 წლის სექტემბრის მონაცემებს არ შეიცავს, თუმცა თუ მას 2017 წლის ოქტომბერში არსებულ ფასს შევადარებთ, ვნახავთ რომ ის 10 ლარით არის გაზრდილი. 3 ვარსკვლავიან სასტუმროში დღეს ორადგილიანი ნომრის საშუალო ფასია 146 ლარი, რაც 2017 წელთან შედარებით, 7 ლარით არის შემცირებული.

რაც შეეხება საოჯახო ტიპის სასტუმროებს, აქ ერთი ნომრის ფასი დღეს 79 ლარს შეადგენს, რაც გასულ წელს 75 ლარს შეადგენდა.

სასტუმროების სექტორის ერთერთი მთავარი განმსაზღვრელი მაჩვენებელი ნომრების დატვირთულობის ინდექსია. აღნიშნულ მაჩვენებელს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია არ ითვლის.

ამერიკულმა საკონსულტაციო კომპანია Smith Travel Research-მა საქართველოს ბრენდული სასტუმროებისთვის დატვირთვის საშუალო მაჩვენებელი დათვალა. თბილისი მარიოტის, ბილტმორის, რადისონის, ჰუალინგ თბილისის, შერატონ ბათუმის, ჰილტონ ბათუმისა და სხვა ბრენდული სასტუმროების დატვირთვის საშუალო მაჩვენებელი 2017 წელს 5%-ით, გაიზარდა და მან 62% შეადგინა. შესაბამისად, ბაზრის ყველაზე მაღალ სეგმენტში 2017 წელს ზრდა დაფიქსირდა.