მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"5 წლის განმავლობაში გვაქვს შესაძლებლობა იმისთვის, რომ ექსპორტი იაპონიაში ათჯერ გავზარდოთ"

5c92738831adc
თელარა გელანტია
20.03.19 21:07
743
„ვფიქრობ, რომ მომავალი ხუთი წლის განმავლობაში გვაქვს ყველა შესაძლებლობა იმისათვის, რომ რვაჯერ, ათჯერ გავზარდოთ ჩვენი ექსპორტი იაპონიაში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქ ლაივში" განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა იაპონიაში ვიზიტი წარმატებულად შეაფასა და აღნიშნა, რომ იაპონიაში ქართული ღვინის პოპულარიზაცია ძალიან აქტიური ნაბიჯებით მიმდინარეობს.
„იაპონია არის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ბაზარი ჩვენი ღვინისთვის. ძალიან საინტერესო გამოფენა გავხსენით, სადაც გამოყენებულია უნიკალური ტექნოლოგიები, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა ორგანიზატორს მადლობა გადავუხადო. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ტექნოლოგიურ ლიდერ კომპანია Sony-ს, რომელმაც ეს ყველაფერი გააკეთა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ მიღოს მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იაპონიიდან, მათ შორის მაღალი ტექნოლოგიების სფეროში.
„ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებას რამდენიმე მსხვილ მოთამაშესთან. ამასთან ერთად, ჩვენ გავაფორმეთ მემორანდუმი იაპონიის ექსპორტისა და ინვესტიციების სადაზღვევო კომპანიასთან, NEXI-სთან, რომელიც ჩვენ დაგვეხმარება იაპონიიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, იაპონია ითვლება ასევე ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქვეყნად სკოლამდელ განათლებაში და საქართველოსთვის ამ მიმართულებით იაპონიის გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია.

„ჩვენი დიდი ეროვნული იდეის პირველი საფეხური -სკოლამდელი განათლება არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ გვინდა, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება გამოვიყენოთ ამ თვალსაზრისით. ჩვენ მივიღეთ სრული მხარდაჭერა და დარწმუნებული ვარ, იაპონური გამოცდილება როგორც სკოლამდელი ასაკის განათლებაში, ასევე პროფესიულ განათლებაში დაგვეხმარება, რომ ეს ისტორიული რეფორმა იყოს წარმატებული", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.