მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

27 ახალი სკოლის მშენებლობაზე წელს 65 მილიონი ლარი დაიხარჯება

5c4579bf5d745
თამუნა დემეტრაშვილი
21.01.19 11:46
607
საქართველოს 22 მუნიციპალიტეტში სკოლების მშენებლობაზე 65 მილიონი ლარი დაიხარჯება, სამუშოების შესყიდვაზე ტენდერი კი, თებერვალში გამოცხადდება.

ამ მიმართულებით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის გეგმები დღეს, სამშენებლო კომპანიებს ღია კარის დღეზე წარუდგინეს.

ღონისძიებას განათლებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებიც ესწრებოდნენ.

როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა გიორგი შენგელიამ განაცხადა, დაგეგმილია 27 ახალი სკოლის მშენებლობა, სამშენებლო სამუშაოების მაქსიმალური ვადა კი, 24 თვეა.

„ტენდერებს ეტაპობრივად, თებერვლის თვიდან გამოვაცხადებთ. სკოლები სხვადასხვა რაოდენობის მოსწავლეებზე იქნება გათვლილი, მათ შორის ყველაზე მცირე მოცულობის სკოლები 60-ბავშვიანი იქნება. მშენებლობისას გათვალისწინებული იქნება ენერგოეფექტურობის კომპონენტი და შენობები ადაპტირებული იქნება შშმ პირებზე“, - განაცხადა შენგელიამ.

გარდა ამისა, როგორც შეხვედრაზე ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, დამატებით 83 სასწავლო დაწესებულების კაპიტალური რეაბილიტაციაც იგეგმება.

შესაბამისი სამუშაოების შესყიდვებზე ტენდერები კი, მინისტრის განცხადებით, უახლოეს ხანებში გამოცხადდება.

,,სკოლების კაპიტალური რემონტი ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში მოხდება. ფაქტიურად რეკორდული წელია, სარეაბილიტაციო სკოლების რაოდენობის გათვალისწინებით“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.