მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

21 თებერვალს გიდები აპოლიტიკურ საპროტესტო აქციას გამართავენ - "შეწყდეს სეპარატისტული ტურიზმი"

5c6a92b692ea1
თელარა გელანტია
18.02.19 15:09
7346
21 თებერვალს, გიდების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აპოლიტიკური აქცია გაიმართება.

აქციის ორგანიზატორები საქართველოს გიდების სხვადასხვა ჯგუფები, ასოციაციები და გაერთიანებები არიან.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, აქციის მიზანია, მოუწოდონ უცხოელ კოლეგებს არ მოხდეს საქართველოს რუკის და სახელმწიფო სიმბოლიკის დასახიჩრება და ასევე მოუწოდებენ პარლამენტს მიიღოს შესაბამისი კანონი სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფასთან დაკავშირებით, რათა მოხდეს შესაბამისი რეაგირება უცხოურ ტურისტულ კომპანიებთან დაკავშირებით.

აქციის ფარგლებში, 21 თებერვალს საქართველოს ასობით გიდი, სრულიად უსასყიდლოდ, საქართველოს მაშტაბით გამართავს შემეცნებით ტურებს რიგითი მოქალაქეებისთვის, სახელმწიფო მოხელეებისთვის, არასამთავრობო სექტორისთვის და რა თქმა უნდა, საქართველოს სტუმრებისთვის.

„როგორც არსებობს მუზეუმების ღამე, გვინდა ტრადიციად დავამკვიდროთ გიდების დღე, როცა გიდები უფასოდ მოემსახურებიან, როგორც უცხოელ ტურისტებს, ისე საქართველოს მოქალაქეებს. 21 თებერვლის სიმბოლო იქნება საქართველოს დროშა. აქციაში მონაწილეობას მიიღებს ასეულობით გიდი, სტანდარტული და თემატური 1-3-საათიანი ტურებით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. ტურის დაწყების დროა 12:00 საათი, დასრულების დრო კი - 18:00 საათი“, - აცხადებენ ორგანიზატორები.
ისინი ამბობენ, რომ ტურიზმის განვითარებამ ქვეყანა რიგი გამოწვევების წინაშე დააყენა.

„ბევრი უცხოური ტურისტული კომპანია შემოვიდა და დამკვიდრდა საქართველოს ტურისტულ ბაზარზე, რაც ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითად აისახა, თუმცა ზოგიერთმა უცხოურმა ტურ ოპერატორმა, შეგნებულად თუ შეუგნებლად, დაიწყო ქართული სიმბოლიკის, ისტორიის, კულტურის და ტრადიციების გაყალბება, რაც ყველაზე აქტიურად აისახა ზოგიერთი უცხოური ტურისტული კომპანიის საიტზე, სადაც საქართველოს რუკა არასრულად არის ასახული, რუკაზე აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, ცალკე, დამოუკიდებელ ზონებადაა გამოყოფილი, თუ ეს უცოდინარობით არის გამოწვეული და პოლიტიკას არ უკავშირდება, საქართელოს ტურისტულ სფეროში მოღვაწე ადამიანები, მზად ვართ, გავუწიოთ კონსულტაციები საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიის, ეთნოლოგიის, კულტურის სფეროში. ჩვენ მიერ მოწყობილმა აქციამ, საქართველოს სრულყოფილ რუკასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელებში, მიიპყრო ფართო მასების, სახელმწიფო სტურქტურებისა და უცხოური ტურისტული კომპანიების ყურადღება. ამიტომ, ვირტუალური ერთჯერადი სოლიდარობის აქცია, ვაქციეთ ჩვენი პროფესიული დღის დევიზად, ჩამოვაყალიბეთ პუნქტებად პროტესტის ძირითადი საკითხები, როგორიცაა: 1. სახელმწიფო სიმბოლიკის დაცვა დამახინჯებისგან. 2. სეპარატისტული ტურიზმის განვითარების ალაგმვა. 3. საერთაშორისო სამართლის ნორმების და ოკუპაციის შესახებ კანონის დაცვა და შესრულება. აი, მოკლედ რაზე მივაპყრობთ 21 თებერვლის აქცია-პერფორმანსით თქვენს ყურადღებას, ჩატარდება ტური ყველა ქართულ ქალაქში, სახელწოდებით "ეს საქართველოა". ღონისძიების მთავარი სიმბოლო კი, საქართველოს დროშა და მისი ელემენტები იქნება. აქციის მიზანია, სახელმწიფოს უფრო აქტიური ჩართვა ამ პროცესში, გვინდა მოვუწოდოთ უცხოელ კოლეგებს არ მოხდეს საქართველოს რუკის, სახელმწიფო სიმბოლიკის დასახიჩრება. მოვუწოდებთ ასევე პარლამენტს მიიღოს შესაბამისი კანონი სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფასთან დაკავშირებით, რათა მოხდეს შესაბმისი რეაგირება უცხოურ ტურისტულ კომპანიებთან დაკავშირებით“, - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

ამასთან, გიდების საერთაშორისო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს გიდების ასოციაციის ორგანიზებით, ოფიციალური შეხვედრა  ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმთან არსებულ სივრცე - "არტ ჰაუსში" გაიმართება. ღონისძიების ოფიციალური ნაწილი 17:00 სთ-ზე დაიწყება და 18:30 სთ-მდე გაგრძელდება.

21 თებერვალს აქციას ქუთაისშიც შეუერთდებიან. საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის თავმჯდომარის ლაშა ბერეკაშვილის ინფორმაციით, 21 თებერვალს, 12:00 საათზე, თეთრ ხიდზე გაიმართება მშვიდობიანი აქცია, სადაც გიდები და აქციის სხვა მონაწილეები, კიდევ ერთხელ მოუწოდებენ საქართველოში ოპერირებულ ტურისტულ სააგენტოებსა და სხვადასხვა ორგანიზაციებს პატივი სცენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და თავიანთი საქმიანობის დროს, არ დაუშვან მისი რაიმე ფორმით ხელყოფა. აქცია-პერფომანსის სახელწოდებაა: "საქართველო აფხაზეთიდან იწყება, ცხინვალის რეგიონი ქვეყნის გულია, საქართველო მხოლოდ თბილისი არაა! #ესსაქართველოა #ძალაერთობაშია". აქციის მონაწილეებს, ერთი საერთო ნიშანი ექნებათ -  ესაა საქართველოს რუქა და დროშები, ასევე ამ სიმბოლიკით აღნიშნული სხდასხვა აქსესუარები.