მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019-ში ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 2006 წლის საქართველოს ბიუჯეტზე მეტი იქნება

5bc829929807a
BM.GE
18.10.18 11:00
4484

ფინანსთა სამინისტროს მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი ბიუჯეტის პირველადი პროექტის მიხედვით, 2019 წელს ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 3.863 მილიარდი ლარი იქნება, რაც 2018 წლის მაჩვენებელს 200 მილიონით აღემატება. 3.8 მილიარდი ლარი არის რეკორდული თანხა, რაც საქართველოს რომელიმე სამინისტროს წლის განმავლობაში დაუხარჯავს. მეტიც, ის ნომინალურად 2006 წელს არსებულ მთელ საქართველოს ბიუჯეტს აღემატება, რაც მაშინ 3.85 მილიარდ ლარს შეადგენდა.

ჯანდაცვის სამინისტრო 2019 წლის 12.7-მილიარდიანი ბიუჯეტის 30%-ს დახარჯავს. 2018 წელს ჯანდაცვის სამინისტროზე მთლიანი ბიუჯეტის 28% მოდის, 2017 წელს კი ეს მაჩვენებელი 29%-ს შეადგენდა. 

2019 წლის პირველი იანვრიდან 740 ათასი პენსიონერი 20 ლარით გაზრდილ პენსიას მიიღებს. სამინისტროს ბიუჯეტის ზრდაც პირველ რიგში სწორედ პენსიებს უკავშირდება. 2018 წელს სახელმწიფო საპენსიო ფონდის მოცულობა 1.7 მილიარდ ლარს შეადგენდა, აღნიშნული ფონდი 2019 წელს 1.9 მილიარდის პენსიებს დაარიგებს.

ასევე, 754 მილიონ ლარამდე იზრდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი. საინტერესოა, რომ 2018 წლისთვის საყოველთაო ჯანდაცვაზე 713 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი. სახელმწიფო ხაზინის ოპერატიული მონაცემების მიხედვით, 17 ოქტომბრის მდგომარეობით, ამ თანხიდან 579 მილიონი უკვე ათვისებულია, რაც მთლიანი გეგმის 71%-ს წარმოადგენს. ანუ პროგრამაზე დღეში საშუალოდ 2 მილიონი ლარი იხარჯებოდა, რაც ბიუჯეტით განსაზღვრულ 1.95-ზე მეტია. თუ ხარჯვა არსებული ტემპით გაგრძელდა, პროგრამის ბიუჯეტი 24 დეკემბერს ამოიწურება და მისი შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით 15 მილიონი ლარის მობილიზება იქნება საჭირო. საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი 2017, 2016 და 2015 წლებშიც დროზე ადრე ამოიწურა.

2019 წლის ბიუჯეტით 140 მილიონით იზრდება ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი და ის 1.96 მილიარდ ლარს აღწევს. აღნიშნული ზრდა ძირითადად აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობას უკავშირდება, რომელზეც 2019 წელს 872 მილიონი ლარის დახარჯვაა დაგეგმილი.

ბიუჯეტის პროექტით 10 მილიონი ლარით, 790 მილიონამდე მცირდება თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი. ამ შემცირების შედეგად თავდაცვის წილი მთლიან ბიუჯეტში მხოლოდ 6.2 % იქნება.