მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2018 წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 48%-ით შემცირდა

5c0e11cf39ed1
BM.GE
10.12.18 11:06
2303
2018 წლის მესამე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით სულ $322 მილიონი შემოვიდა, რაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 48%-ით ნაკლებია. 

საქსტატის განმარტებით, შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულების ფაზა, ასევე რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში და არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება.

რაც შეეხება 2018 წლის პირველ ცხრა თვეს, ამ პერიოდის განმავლობაში ინვესტიციების სახით სულ $998 მილიონი შემოვიდა, რაც 2017 წლის მაჩვენებელს 27%-ით ჩამოუვარდება. 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დათვლებით, მესამე კვარტალში საქართველოში ყველაზე მეტი ინვესტიცია შემდეგი ქვეყნებიდან შემოვიდა:

1) ნიდერლანდები - $49 მილიონი;
2) სამხრეთ კორეა - $40 მილიონი;
3) აზერბაიჯანი - $33 მილიონი;
4) თურქეთი - $32 მილიონი;
5) პანამა - $27.7 მილიონი;
6) აშშ - $27.1 მილიონი;
7) რუსეთი - $18.5 მილიონი;
8) ლუქსემბურგი - $16.7 მილიონი;
9) საფრანგეთი - $12.4 მილიონი;
10) არაბ. გაერთ. საემირ.  - $10 მილიონი. 

უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების სიაში ოფშორული ზონაც (პანამა) შედის. ოფშორული ზონებიდან ინვესტიციების გარკვეული ნაწილი თავისი არსით ქართული კომპანიების მიერ ან ქართველი ბიზნესმენების მიერ საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციებს წარმოადგენს.

რაც შეეხება ეკონომიკის სექტორებს, ყველაზე მეტი თანხა - $56 მილიონი დამამუშავებელ მრეწველობაში ჩაიდო, ეს წინა წელთან შედარებით 27%-ით მეტია. $54 მილიონით მეორე ადგილზე სატრანსპორტო სექტორია, სადაც ინვესტიციები 54%-ით შემცირდა. $46 მილიონით მესამე ადგილზე ენერგეტიკის სექტორი გავიდა, რაც წინა წელთან შედაებით 50%-ით ნაკლებია.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების ერთერთი მთავარი წყაროა. მის შემცირებას ეროვნული ვალუტის კურსზე ნეგატიური გავლენა აქვს.