მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2017 წელი საპარტნიორო ფონდმა 441 მლნ ლარის ზარალით დაასრულა - რა იყო ძირითადი მიზეზი?

5c3243f303f6c
თელარა გელანტია
07.01.19 14:00
6050
2018-2021 წლების ფისკალური ანალიზის დოკუმენტში, რომელიც საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონს ერთვის თან, სახელმწიფო საწარმოების ფინანსური მაჩვენებლებიცაა მიმოხილული, მათ შორისაა სს საპარტნიორო ფონდი.

ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 2015 წელს საპარტნიორო ფონდმა განახორციელა ინვესტიციები სამშენებლო მასალების და თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილების წარმოების, ხილის ექსპორტის, მშენებლობისა და სავაჭრო ცენტრების ლიზინგის პროექტების საწესდებო კაპიტალში.

ასევე, გაიცა სესხები სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურული სექტორების პროექტებზე.

გარდა ამისა, 2015 წელს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საპარტნიორო ფონდს გადასცა რამდენიმე საავადმყოფო, მოცემული დაწესებულებების გაერთიანების, კერძო დეველოპერების მოზიდვისა და სახელმწიფოს საკუთრების სულ მცირე 50%-მდე შემცირების მიზნით.

2016 წელს ფონდმა განახორციელა 25 მლნ ლარის ინვესტიცია ენერგეტიკის, უძრავი ქონების და სამეწარმეო სექტორის პროექტებზე.

ფისკალური ანალიზის დოკუმენტში ასევე წერია, რომ საკუთარი საქმიანობის დასაფინანსებლად, საპარტნიორო ფონდმა 150 მლნ აშშ დოლარის სესხი აიღო, რომლის დაფარვა 2017 წელს დაიწყო და 2020 წლის ჩათვლით გაგრძელდება.

„სესხის მომსახურებისთვის საჭირო შემოსავლების ძირითად წყაროს ფონდისთვის წარმოადგენს შვილობილი კომპანიებიდან მიღებული დივიდენდები. 2016 წელს, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ გადაიხადა 12.7 მლნ ლარი დივიდენდი, ესკომ - 24 მლნ ლარი. 2015 წელს გადახდილი დივიდენდი ჰქონდა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას (29 მლნ ლარი). საკმარისი დივიდენდების არ არსებობის შემთხვევაში, ფონდს მოეთხოვება საკუთარი ინვესტიციების ლიკვიდაცია ან შვილობილი კომპანიებისგან სესხება. 2016 წელს საპარტნიორო ფონდს მოუწია 6 მლნ ლარის სესხება საკუთარი კომპანიისგან, საქართველოს რკინიგზისაგან, ვალის მომსახურების დასაფარად. საპარტნიორო ფონდი Fitch-ის მიერ შეფასებულია როგორც BB- რეიტინგის მქონე კომპანია. სარეიტინგო კომპანიის რეპორტები და საპარნტიორო ფონდის ფინანსური ანგარიშგება ხელმისაწვდომია საჯაროდ“, - წერია დოკუმენტში.

ფისკალური ანალიზის დოკუმენტის თანახმადვე, 2017 წელს საპარტნიორო ფონდმა 441 მლნ ლარით იზარალა, თუმცა იქვე განმარტებულია აღნიშნულის მიზეზი.

„მიღებული ზარალის (441 მლნ ლარი) ძირითადი მიზეზია ფონდის შვილობილ საწარმოებში დაფიქსირებული უარყოფითი შედეგები. კერძოდ, სს „საქართველოს რკინიგზამ“ 2017 წელი დაასრულა 354 მლნ ლარის ზარალით, რაც აუდიტორული კომპანია „KPMG საქართველოს“ მიხედვით, განპირობებულია ე.წ. „თბილისის შემოვლითი რკინიგზის“ პროექტით. აგრეთვე, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ 2017 წელი დაასრულა 320 მლნ ლარის ზარალით, რაც აუდიტორული კომპანია „KPMG საქართველოს“ მიხედვით, განპირობებულია სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შვილობილი კომპანია შპს „ენერგოტრანსის“ წმინდა საოპერაციო ფულადი ნაკადების დაგეგმილზე მნიშვნელოვნად ნაკლებობით. ზემოაღნიშნული „ძირითადად განპირობებული იყო ელექტროენერგიის ტრანზიტით გამოწვეული საბიუჯეტო ფულადი ნაკადების დეფიციტით“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ცნობისთვის: საპარტნიორო ფონდი შეიქმნა საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უმსხვილესი საწარმოების კონსოლიდაციით და ფლობს ისეთი მსხვილი კომპანიების 100%-იან წილებს, როგორიცაა სს საქართველოს რკინიგზა, სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია, სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა და სს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი. საპარტნიორო ფონდი ასევე ფლობს სს თელასის 24%-იან წილს.

ფონდის ძირითად ფუნქციებს კი, შეადგენს ინვესტიციების მოზიდვა და ინვესტიციების განხორციელება საქართველოში მოქმედ კერძო და სახელმწიფო კომპანიებში, სააქციო კაპიტალისა და ვალის დაფინანსების და გარანტიის გზით. პრიორიტეტი ენიჭება ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, მრეწველობისა და უძრავი ქონების სექტორებში განხორციელებულ პროექტებს.