მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

$200-დან $400 მლნ-მდე ინვესტიცია - რა გეგმები აქვს კანადურ კომპანიას რუსთავში?

5c3f4316a8411
თამუნა დემეტრაშვილი
16.01.19 18:45
2514
„კანადური კომპანია “KAMCON INVESTMENTS“ რუსთავის მიმდებარედ სამრეწველო ქალაქის მშენებლობაში 200-დან 400 მილიონ დოლარამდე ინვესტირებას აპირებს და 15 საერთაშორიო ბრენდულ კომპანიასთან, რომელთა შორისაა SONY და TOYOTA, შეთანხმება უკვე მიღწეული აქვს“, -ამის შესახებ BM.GE-ის ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკის“ თავმჯდომარის მოადგილემ დეპუტატმა პაატა მხეიძემ განუცხადა.

დეპუტატი თავად ესწრებოდა ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრას, სადაც კომპანიამ საკუთარი პროექტის პრეზენტაცია გამართა.

პარლამენტარის ინფორმაციით, სამრეწველო ქალაქის მშენებლობა „ქიმბოჭკოს“, აზოტისა და ცენტროლიტის მიმდებარე 400 ჰექტარ ტერიტორიაზე იგეგმება.

მისივე თქმით, ჯამში, 400 კომპანიის შემოყვანაა დაგეგმილი.

,,აქ იქნება საწარმოები, ლოგისტიკური ობიექტები, სასაწყობო მეურნეობა და ყველაფერი, რაც სჭირდება ინდუსტრიულ ქალაქს. ინდუსტრიული ზონის სტატუსის მინიჭებაზე საუბარი არ არის, იმიტომ რომ სურთ მიწა საკუთრებაში ჰქონდეთ, თუმცა ეს საკითხი მას შემდეგ გადაწყდება, რაც კონკრეტულ სამოქმედო გეგმას წარმოადგენენ, რა აქტივობებით აპირებენ ტერიტორიის ათვისებას“, - განაცხადა დეპუტატმა.

პაატა ჩხეიძემ პროექტს ,,საუკუნის პროექტი“ უწოდა.

მისი თქმით, დაინტერესების მთავარი საფუძვლები საინვესტიციო გარემო, ლიბერალური საგადასახადო კანონმდებლობა და ევროკავშირის ღია ბაზარია.
,,კომპანიას საქართველოში მოვლენილი ჰყავდა თეირანის ყოფილი ვიცე-მერი, რომელიც დიდი გამოცდილებისაა და მსგავსი პროექტები განხორციელებული აქვს თეირანსა და ლისაბონში. 8 თვის განმავლობაში მან შეისწავლა საინვესტიციო გარემო და საგადასახადო კანონმდებლობა. ეს ხალხი მოიყვანა ირანელმა ქართველმა, რომლის ოჯახიც პირველი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ ირანში, შემდგომ მამამისი მოინათლა და პარტიარქის ლოცვა-კურთხევით, დაკრძალულია მარტყოფის ეკლესიის გალავანში. ამ ოჯახის შვილია ის ადამიანი, რომელმაც შუამავლობა გასწია“, - განაცხადა დეპუტატმა.

კანადური კომპანია Kamcon-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ის 50 წლის წინაა დაარსებული და ოფისები მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქვს განთავსებული, მათ შორის ვანკუვერში, ლისაბონსა და თეირანში.

Kamcon-ის მთავარი დანიშნულება რეზიდენციების და კომერციული პროექტების დეველოპმენტი და სამშენებლო მენეჯმენტია.

ვებ-გვერდზე რამდენიმე განხორციელებული პროექტიცაა მითითებული: ჩრდილოეთ ვანკუვერში - 2, დასავლეთ ვანკუვერში კი, 1 შენობა - მდიდრული სახლი, რომელმაც სხვადასხვა არქიტექტურული ჯილდო დაიმსახურა.

ვებ-გვერდზე მითითებულია, რომ სურვილის შემთხვევაში, კომპანიას შეუძლია, დაინტერესებულ პირებს პროექტების სრული სია წარუდგინოს.

ცნობისთვის: bm.ge კომპანიის და პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოძიებას აგრძელებს.