მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2 მიზეზი TBC-ის აქციონერების წინააღმდეგ 11 წლის ტრანზაქციის "გასაღვიძებლად" - ფადი ასლის მოსაზრება

5c701a56a7e3b
ელენე კვანჭილაშვილი
23.02.19 10:02
1301
„ჩემი აზრით და იმ ხალხის აზრით, ვისაც ჩვენ ველაპარაკებით და კარგად ინფორმირებულები არიან, ამ ამბავს ორი მხარე აქვს“ – ასე ააანალიზებს „თიბისი ბანკისა“ და მისი აქციონერების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ფადი ასლი „საქმიან დილაში“.

საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტთან ინტერვიუ ICC-ის საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრის წინ „ანალიტიკის“ ავტორმა და წამყვანმა ელენე კვანჭილაშვილმა ჩაწერა.

ამ სხდომაზე დახურულ ფორმატში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით დეტალები საბჭოს წევრებს „თიბისი ბანკმაც“ მიაწოდა.

ფადი ასლის შეფასებით, საქმის ერთი მხარე „თიბისი ბანკია“.

„მამუკა და ბადრი ბანკს ჩამოშორდნენ. ჩემი აზრით, ამას მენეჯმენტის ცვლილება მოჰყვება. „თიბისი“ ბანკს, ეროვნული ბანკის თანხმობით, ისეთი მენეჯმენტი ეყოლება, ვინც ბიძინა ივანიშვილის ბრძანებებს დაემორჩილება. ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ოპერაციების დასაფინანსებლად ახალი წყარო იპოვნა - ეს „თიბისი ბანკის“ ახალი მენეჯმენტის პირობებში შესაძლებელი გახდება. მე ასევე ვახსენე ადრეც, რომ თიბისი შეიძლება გამოიყენონ როგორც მექანიზმი რუსული კომპანიებისთვის სანქციების თავიდან ასარიდებლად. არ გამოვრიცხავ, რომ ბიძინა ივანიშვილს სურდეს, რუსების გულის ამ გზით მოგება. ეს არის „თიბისის“ მხარეს“ - ამბობს ფადი ასლი.

საქმის მეორე მხარედ საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ანაკლიას ასახელებს.

„ამ მხარეს ორი ვარიანტია: ან რუსებს არ უნდათ ანაკლიის პროექტის განხორციელება, რადგან მათ ინტერესში არ შედის შავ ზღვაზე ღრმაწყლოვანი პორტის არსებობა ან - ანაკლიის პორტი შეიძლება ქართველების და აფხაზების დაახლოების საბაბი გახდეს, რადგან ბევრ აფხაზს იქ დასაქმების შესაძლებლობა გაუჩნდება. ეს ერთი და მეორე - ივანიშვილს შეიძლება თავად უნდა პროექტის განხორციელება და ამ პროექტის პრაქტიკულად მოპარვა, რაც ჩემი აზრით, ყველაზე ლოგიკურია“, - ამბობს ფადი ასლი.
საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ პროექტის განხორციელებას ხელოვნური ბარიერები შეგნებულად შეუშლის ხელს.

„მთავრობას აქვს ვალდებულებები ანაკლიის პროექტის მიმართ - გზა, რკინიგზა და ა.შ. ისინი დროს გაჭიმავენ, თავიანთ საქმეს არ შეასრულებენ და შემდეგ ანაკლიის კონსორციუმს დაადანაშაულებენ ვადებში ვერ ჩატევის გამო. მთავრობა წაიღებს ამ პროექტს, შემდეგ ივანიშვილი იტყვის: არ ინერვიულოთ, მე გავაგრძელებ პროექტს, ჩავანაცვლებ ხაზარაძეს და ჩემი ფულით დავასრულებ და არ გვჭირდება სხვა ინვესტორები. ეს არის ეს თამაში“, - ამბობს ფადი ასლი.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ლონდონში ინვესტორებთან შეხვედრის შემდეგ, თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭო დატოვეს.

მხოლოდ თიბისი ბანკის თანამშრომლებისთვის განკუთვნილ ელექტრონული შეტყობინებაში მამუკა ხაზარაძე TBC ბანკის გარშემო დაწყებულ კამპანიას პირდაპირ უკავშირებს პოლიტიკას, მისი ბიზნესის მიტაცების სურვილს და აღნიშნავს, რომ უპრეცენდენტო შემოტევა და ორკესტრირებული თავდასხმა სწორედ სახელმწიფო უწყებების მხრიდან ხორციელდება და მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება ბანკთან ერთად ანაკლიის პორტის განხორციელებასაც აყენებს ზიანს.