მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს

BM.GE
09.07.19 14:33
898
მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს. მისი განცხადებით, ქვეყანაში პროდასავლური ძალების კონსოლიდაციაა აუცილებელი. ხაზარაძის თქმით, მის საზოგადოებრივ მოძრაობაში გაწევრიანდებიან ისინი, "ვისაც გააერთიანებს საქართველოში თანამედროვე დასავლური ყაიდის სახელმწიფოს მშენებლობის იდეა." ხაზარაძის განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები საგანგაშო სახეს იღებს, რაც ქვეყანაში ეროვნული ძალების გაერთიანებას ხდის აუცილებელს. “მივიღე გადაწყვეტილება, ჩემს მეგობრებთან და თანამოაზრეებთან, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან ერთად სექტემბერში დავაფუძნო საზოგადოებრივი მოძრაობა, რომლის მთავარი მიზანი ქვეყნის გაერთიანება და მისი დამოუკიდებლობის და თავისუფლების შენარჩუნება იქნება.” - წერს მამუკა ხაზარაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

ამ განცხადების შემდეგ ბი ემ ჯი ბიზნესმენებს და პარლამენტარებს შეფასებებისთვის დაუკავშირდა, ერთ-ერთი პირველი ვისაც ვესაუბრეთ, ბადრი ჯაფარიძე იყო. მისი თქმით, საზოგადოებრივ მოძრაობაშიც ერთად იქნებიან. ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ეს იქნება მოძრაობა, რომელიც საზოგადოების სხვადასხვა საინტერესო წევრებს შეკრებს, თუმცა სხვა დამატებით დეტალებზე ბიზნესმენი საქართველოში დაბრუნების შემდეგ ისაუბრებს. თემურ ჭყონიას შეფასებით, რასაც მამუკა ხაზარაძე იწყებს ყოველთვის შედეგიანია და მას ყველაფერზე ნაფიქრი აქვს. “არ შეიძლება ეს მოძრაობა წარმატებული და გრძელ ვადაზე გათვლილი არ იყოს, დარწმუნებული ვარ გეგმას მეც გამაცნობს”- აცხადებს ბიზნესმენი.
ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი მიიჩნევს რომ ყველა წარმატებული მოქალაქე, რომელიც ამ ქვეყნაშია თავისი წვლილი უნდა შეიტანოს და ერთი აგური დადოს აღმშენებლობაში და თუ მამუკა ხაზარაძე ამას ხელს მოკიდებს ძალიან კარგი იქნება. ხოლო Bm.ge -ს კითხვაზე, მისი აზრით თუ რატომ გადაწყვიტა ხაზარაძე საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნა პაპაშვილი განმარტავს, რომ ეს შეიძლება უკავშირდებოდეს როგორც ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, ასევე ანაკლიასაც. ნაციონალური მოძრაობის წევრის და პარლამენტარის კობა ნაყოფიას განცხადებით კი კარგი იქნებოდა მამუკა ხაზარაძე იმ საპროტესტო აქციებზე გვენახა , სადაც ახალგაზრდებს თვალები დათხარეს. და მე რატომღაც არ გამიგია მისგან მხარდაჭერა ამ ახალგაზრდების მიმართ”- აცხადებს ნაყოფია . მისი თქმით, ის ხაზარაძეს დიდი ხანია ინცობს, თუმცა იქამდე ვიდრე საზოგადოებრივ მოძრაობაზე დეტალები არ გახდება ცნობილია, შეფასება რთული იქნება.