მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

150-ზე მეტი ბელარუსი მწარმოებელი თბილისში - გამოფენას პრემიერი გახსნის

5c9210097459b
ლიკა გურაბანიძე
20.03.19 14:22
928
თბილისში Expo Georgia-ს მე-11 პავილიონში, ბელარუსული მწარმოებლების ფართომასშტაბიან გამოფენას „წარმოებულია ბელარუსში“ (Made in Belarus) ოფიციალურად საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მიხეილ რუსი გახსნიან.

ოფიციალური პირების მიერ გამოფენის გახსნის ცერემონიისა და მისი საგამოფენო სივრცის მონახულების შემდეგ ქართულ-ბელარუსული საქმიანი საბჭო გაიმართება, სადაც ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების გზები იქნება განხილული.

სპეციალურად გამოფენისთვის საქართველოს 150-ზე მეტი ბელარუსი მწარმოებლით, სამინისტროებისა და სხვა დარგობრივ გაერთიანებების წარმომადგენლებით შემდგარი დელეგაცია ეწვია.

გამოფენის ორგანიზატორების თქმით, 4 დღის განმავლობაში „Expo Georgia”-ს მე-11 პავილიონში ქართველ მომხმარებლებს უკვე კარგად ნაცნობ და საყვარელ ბრენდებთან ერთად ახლების ნახვის, გაცნობის, დაგემოვნებისა და ყიდვის შესაძლებლობა ექნებათ.

მათი ინფორმაციით, გამოფენაზე ეკონომიკის თითქმის ყველა სფეროდან რამდენიმე ასეული ბრენდის პროდუქცია იქნება წარმოდგენილი, მანქანათმშენებლობიდან დაწყებული, სამეცნიერო-ტექნიკური მიღწევების წარდგენითა და საკვები პროდუქტებით დასრულებული.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ბელარუსული კომპანია ქართულ ბაზარზე უკვე ოპერირებს, ნაწილი კი, თბილისში ჩამოსვლას და სანდო, საქმიანი პარტნიორების მოძიებას გეგმავს.

20-დან 23 მარტის ჩათვლით „ექსპო-ჯორჯია“-ს (Expo Georgia) N11 პავილიონი ბელარუსულ სახლად გადაიქცევა: ბელარუსული ხალხური საკრავების, ფონზე თავის პროდუქციას ქვეყნის ყველაზე ცნობილი ბრენდები წარადგენენ.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ბელარუსული სამეცნიერო-ტექნიკური გამოგონებები, რომელიც ორგანიზებულია მეცნიერების და ტექნოლოგიების სახელმწიფო კომიტეტის მიერ, განათლების სამინისტროსა და ბელარუსის ეროვნული სამეცნიერო აკადემიის მონაწილეობით. ექპოზიციის ფარგლებში განსხვავებული სფეროების ყველაზე ინოვაციური და პერსპექტიული პროექტების გაცნობა იქნება შესაძლებელი - ახალი მასალებიდან და ბიოტექნოლოგიებიდან დაწყებული, კარტოფილის მოყვანითა და ყავის მოხალვის ნოვატორული ტექნოლოგიებით დამთავრებული.

გამოფენაზე სადღესასწაულო განწყობის შექმნაზე, ყოველდღიურად იზრუნებს ხალხური მუსიკის დუეტი „მზის ნაპირი“ (ეროვნული საკრავებით: ციმბალი და ბაიანი), ასევე შემოქმედებითი კოლექტივი „გომსელმაში“: ვოკალური დუეტი „დაირი“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ბელარუსი მწარმოებლების გამოფენის „წარმოებულია ბელარუსიაში“ (Made in Belarus)-ის ორგანიზატორი ბელარუსიის სავაჭრო-სამრეწველო პალატაა, საგამოფენო ოპერატორად გამოდის „ბელინტერექსპო“, გამოფენის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები საქართველოში ბელარუსიის რესპუბლიკის საელჩოს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, სახელმწიფო ორგანოებისა და ორი ქვეყნის ბიზნესასოციაციების მხარდაჭერით გაიმართება.