მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

15 მლნ ევროს ინვესტიცია - საგურამოში ფინური სკოლა მოსწავლეებს სექტემბრიდან მიიღებს

5c3f655add57d
ანნა ლაპიაშვილი
16.01.19 22:00
18632
"ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" ფინეთის წამყვან განათლების კონსორციუმთან პარტნიორობით, საგურამოში ფინურ სკოლას ხსნის, რომელიც დაწყებითი კლასის მოსწავლეებს 2019 წლის სექტემბრიდან მიიღებს.

როგორც bm.ge-თან "ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის" დირექტორმა აიეტ კუკავამ განაცხადა, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 15 მლნ ევროა.

ფინურ სკოლაში სწავლება როგორც - ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე იქნება; სწავლის საფასური კი, ჯერჯერობით, განსაზღვრული არ არის.

მისი თქმით, ამ დროისთვის მასწავლებლების შერჩევა მიმდინარეობს, რომლებიც სექტემბრამდე რამდენიმე ეტაპად გადამზადდებიან.

მათთვის ტრენინგები როგორც - საქართველოში, ასევე ჰელსინკში ჩატარდება და გადამზადებას ფინური საკონსულტაციო ჯგუფის ექსპერტები უზრუნველყოფენ.

აიეტ კუკავა განმარტავს, რომ სასურველია, მასწავლებლობის კანდიდატს მაგისტრის ხარისხი ჰქონდეს, თუმცა გადამზადების კურსი ნებისმიერს დასჭირდება.

„მე აშშ-ში მაქვს ბიზნეს მაგისტრატურა გავლილი და თუ გადავწყვეტ ფინურ სკოლაში ვასწავლო, მინიმუმ 6 კურსი უნდა გავიარო. ეს მნიშვნელოვანია, რადგან შესაძლოა, კარგი განათლება მქონდეს, მაგრამ მოწოდებით პედაგოგი არ ვიყო. ამასაც დიდი მნიშვნელობა ექცევა. მასწავლებლები მკაცრი კრიტერიუმებით შეირჩევა, თუმცა შანსი ყველას ექნება. უკვე არის ინტერესი უცხოელების მხრიდანაც“, - ამბობს აიეტ კუკავა.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, განათლების სამინისტროსთან პირველადი შეთანხმება უკვე არსებობს, თუმცა მას შემდეგ, რაც სკოლა სრული დატვირთვით ამუშავდება, სკოლის დამფუძნებლები გეგმავენ, ის ორმაგი აკრედიტაციის მფლობელი იყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ფინურ სკოლაში საშუალო განათლების მიღების შემდეგ, მოსწავლეები უმაღლესში ჩაბარებას როგორც - საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში, ისე ევროპულ უნივერსიტეტებში შეძლებენ.

“ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია, იცოდნენ რისთვის სწავლობენ. დღეს ბავშვი სწავლობს რაღაც წიგნით და არ იცის რისთვის სწავლობს. როდესაც სპორტსმენი, ბიზნესმენი ან მეცნიერი პირველი კლასიდან მოსწავლეს უხსნის, რატომ უნდა იშრომოს ეს სულ სხვა შედეგზე გაგვიყვანს. ბავშვი, რომელიც ფინურ სკოლას ამთავრებს, არავის ეკითხება, მერე რა უნდა აკეთოს, სად წავიდეს, მას უკვე ჩამოყალიბებული ხედვა აქვს, ნაპოვნი აქვს თავისი თავი და მიდის იმ მიმართულებით, რაც მისთვის მისაღებია“, - აცხადებს აიეტ კუკავა.

„ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ დირექტორის განმარტებით, ფინური სკოლა ძალიან დიდი პროექტია, მათ შორის ხარჯებითაც, რომელსაც დამფუძნებლები გასწევენ.

“საგურამოში გვინდა ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სკოლა ავაშენოთ, თუმცა ეს არ იქნება ერთადერთი სკოლა. შემდეგ ეტაპზე ბათუმსა და ქუთაისში ავაშენებთ სკოლებს და შემდეგ უკვე ქვეყნის ფარგლებს გაერეთ გავალთ. ახლა რომ აგვეშენებინა 12 კლასისთვის, აზრი არ ჰქონდა, ამიტომ პირველ ეტაპზე საგურამოში მომცრო შენობა ვიყიდეთ, სადაც მოპირკეთების და უსაფრთხოების სისტემების მონტაჟის სამუშაოები მიმდინარებს. ამისთვის $2 მლნ უკვე დაიხარჯა, თუმცა ეს საბოლოო თანხა არ არის.

იქვე გვაქვს 7 ჰა მიწა, რომელზეც კომპლექსს ავაშენებთ. ახლა მასწავლებლების შერჩევის ეტაპია. მზად ვართ, მასწავლებლები მოვამზადოთ კონკურენტი სკოლებისთვისაც, რადგან გვინდა, საქართველოში ფინური კონცეფცია გავავრცელოთ. მომავალში როცა სკოლა 12-ვე კლასის მოსწავლეებს მიიღებს, მასწავლებლებს ექნებათ შესაძლებლობა, იმუშაონ როგორც - ჩვენთან, ასევე სხვა სკოლებშიც“, - ამბობს „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ დირექტორი აიეტ კუკავა.

მისივე თქმით, ფინურ სკოლაში ამ სკოლის მოსწავლეების გარდა სხვა დაინტერესებულ პირებსაც გაუმასპინძლდებიან - 7ჰა-ზე ასაშენებელი კომპლექსი 10 000 კაცზე გათვლილ დარბაზს მოიცავს, რომელიც მომავალში ტრენინგების და გადამზადებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურით იქნება უზრუნველყოფილი.

რაც შეეხება სკოლის მენეჯმენტს, აიეტ კუკავა ამბობს, რომ სრული შემადგენლობა ჯერ ცნობილი არაა, მაგრამ არსებული - ფინეთში სტაჟირებაზე უკვე იყო.

„უახლოეს პერიოდში, სკოლის დირექტორს ავიყვანთ; ამ დროისთვის ხელშეკრულებაზე მიმდინარეობს მუშაობა და საბოლოო შეთანხმების შემდეგ მისი ვინაობის დასახელება შემეძლება. ასევე ავიყვანთ უცხოელს, რომელიც აღმასრულებელი დირექტორი იქნება, თუმცა ის „ძვირიანი“ კადრია და სრულ განაკვეთზე არ იმუშავებს, რადგან სკოლა არ არის ჯერ სრულად დატვირთული. სკოლის ბორდი 4 უცხოელით და 3 ქართველით დაკომპლექტდება“, - აცხადებს კუკავა.