Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მთავრობამ საჯარო მოხელის მივლინების ხარჯების ანაზღაურების განსაზღვრის წესი დაამტკიცა

5902e7c1d75b1
BM.GE
28.04.17 10:56
992
მთავრობამ საჯარო მოხელის მივლინების ხარჯების ანაზღაურების და კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის წესი დაამტკიცა.

დადგენილებით ზუსტდება საჯარო მოხელის მივლინებაში გაგზავნის საფუძველი. საქართველოს მთავრობის წევრი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრებასთან დაკავშირებით მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. მიმართვაში უნდა აღინიშნოს ვიზიტის მიზანი და ხანგრძლივობა.

მოხელეს, რომელსაც გზავნიან სამსახურებრივ მივლინებაში, სრულად უნდა აუნაზღაურდეს სამივლინებო ხარჯები მივლინებაში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში.
„სამივლინებო ხარჯები შედგება სადღეღამისო, მგზავრობის, საცხოვრებელი ფართობის დაქირავებისა და, საჭიროების შემთხვევაში, საზღვარგარეთის შესაბამისი ქვეყნის ვიზის მიღებისათვის გაწეული ხარჯებისაგან, ხოლო 30 კმ-მდე მანძილზე მივლინებისას, როდესაც შესაძლებელია სამუშაო (საცხოვრებელ) ადგილზე იმავე დღეს დაბრუნება, ანაზღაურდება მხოლოდ მგზავრობის ხარჯები. შესაბამის თანამდებობის პირს ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას ყოველდღიურად აგრეთვე მიეცემა სადღეღამისო ნორმის დანამატი.

თანამდებობის პირებს აუნაზღაურდებათ ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივ მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის, ტრანსპორტის დაქირავებისა და წარმომადგენლობითი ხარჯები. სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის მოსამზადებლად ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებისას მოხელეს ასევე აუნაზღაურდება მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობისა და ტრანსპორტის დაქირავების ხარჯები, ხოლო სამთავრობო დელეგაციის წევრებს – მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის ხარჯები“, - ვკითხულობთ დადგენილებაში.

სადღეღამისო ხარჯები იანგარიშება სამსახურებრივ მივლინებაში ფაქტობრივად ყოფნის დღეების მიხედვით, დასვენებისა და უქმე, აგრეთვე მივლინებაში გამგზავრებისა და მივლინებიდან დაბრუნების დღეების ჩათვლით.

თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოხელის მივლინებას მიმღები მხარე უზრუნველყოფს კვების ხარჯებით, მოხელეს უნაზღაურდება სადღეღამისო ნორმის მხოლოდ 30%, ხოლო ქვეყნის შიგნით მივლინებისას განსაზღვრული სადღეღამისო ხარჯები გაიცემა სრულად.

საქართველოს პრეზიდენტის დაცვითი ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, ქვეყნის შიგნით მივლინებულ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს სადღეღამისო ხარჯებისა და საცხოვრებელი ფართობის დაქირავებისათვის ეძლევათ დღეში 50 ლარი, ხოლო მივლინებიდან დაბრუნების დღეს უნაზღაურდებათ მხოლოდ ამ დადგენილებით განსაზღვრული ქვეყნის შიგნით სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ხარჯების ნორმა.

სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ქვეყნის ფარგლებს გარეთ საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით წარგზავნილ (მივლინებულ) იმ პირთა სამივლინებო ხარჯები, რომლებიც არ არიან საჯარო მოსამსახურეები, შესაძლებელია ანაზღაურდეს ამ დადგენილებით განსაზღვრული ნორმების გათვალისწინებით, შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის წლიური საბიუჯეტო კანონით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.