Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"საქართველო უნდა გახდეს ყველაზე ხელსაყრელი პლატფორმა დიდ ეკონომიკებს შორის ვაჭრობისთვის"

59174967dc413
BM.GE
13.05.17 21:56
799
13 მაისს პეკინში საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და ჩინეთის კომერციის სამინისტროს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და ჩინეთის კომერციის მინისტრმა ჟონგ შანმა მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პირველი ვიცე–პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე, ასევე საქართველოს მთავრობის, საქართველოს პარლამენტისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, ვისთანაც ჩინეთმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმა.

„საქართველო არის პატარა და ღია ეკონომიკის ქვეყანა, ჩინეთი არის ის სახელმწიფო, რომელთანაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ექსპორტი პერმანენტულად გვეზრდება. ჩვენ ძალიან დიდ პოტენციალს ვხედავთ მსგავს დიდ ეკონომიკებთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმების გაფორმებაში, რადგან ვთვლით, რომ საქართველო უნდა გახდეს ყველაზე ხელსაყრელი, კომფორტული და მიმზიდველი პლატფორმა დიდ ეკონომიკებს შორის ვაჭრობისთვის. ასევე ობიექტურად გვესმის, რომ ჩვენი საექსპორტო პოტენციალი გარკვეულწილად შეზღუდულია და ამ ხელშეკრულების მნიშვნელობას ჩვენ არ ვაფასებთ მხოლოდ ექსპორტის მიმართულებით, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ვიყოთ ეფექტური სავაჭრო პლატფორმაც. ამისთვის დღეს გაფორმებულ ხელშეკრულებას აქვს ძალზედ დიდი მნიშვნელობა და ჩვენ ეფექტურად უნდა გავაგრძელოთ მათი გაფორმებისთვის მუშაობა სხვა ქვეყნებთანაც“ – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას გაეხსნება მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი, რომელიც აერთიანებს დაახლოებით 1,4 მილიარდ მომხმარებელს. ქართველ მწარმოებლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე დამატებითი საბაჟო გადასახადის გარეშე შეიტანონ.

„ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული დღეა საქართველოსთვის საერთაშორისო ინვესტიციების, ვაჭრობისა და ხლხთაშორის ურთიერთობების განვითარებისთვის. ეს არის შეთანხმება, რომელსაც ახალ, გაცილებით უფრო მაღალ დონეზე აყავს ურთიერთობები საქართველოსა და ჩინეთს შორის. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაიწყო 2015 წლის მარტში, როდესაც მაშინდელმა ვიცე–პრემიერმა, ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა ჩინეთის კომერციის მინისტრთან თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით შესაძლებლობების შესწავლის მემორანდუმს მოაწერა ხელი და დღეს უკვე მივიღეთ შეთანხმება, რომელსაც აბსოლუტურად ახალ დონეზე გადაყავს ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის. მინდა როგორც ქართულ, ისე ჩინურ ბიზნესს მივულოცო ამ მნიშვნელოვანი შეთანხმების გაფორმება“ – განაცხადა ხელმოწერის დასრულების შემდეგ დიმიტრი ქუმსიშვილმა.