Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სებ: 2016 წელს ეკონომიკის ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა ინვესტიციები იყო

5908a85d35b69
BM.GE
02.05.17 19:37
1184
საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2016 წელს 2.7 პროცენტი შეადგინა. ეროვნული ბანკის წლიური ანგარიშის მიხედვით, ეკონომიკის ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი მომსახურების დარგებს (1.5 პროცენტული პუნქტი) მიუძღვის, თუმცა ასევე მნიშვნელოვანი იყო ინდუსტრიული დარგების წვლილი. 

"ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი სამშენებლო დარგი იყო, რომელიც წლის განმავლობაში 8.1 პროცენტით გაიზარდა და ყველაზე დიდი, 0.6 პროცენტული პუნქტის ტოლი, წვლილი შეიტანა ეკონომიკურ ზრდაში. მშენებლობის ზრდა მაღალი იყო როგორც მთავრობის მიერ დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტების, ასევე კერძო სექტორის მშენებლობების შედეგად. მშპ-ს ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი (0.4 პროცენტული პუნქტი) შეიტანა დამამუშავებელმა მრეწველობამ.

იქიდან გამომდინარე, რომ ძირითადი საექსპორტო პროდუქცია დამამუშავებელ მრეწველობაზე მოდის, წლის მეორე ნახევარში ექსპორტზე მოთხოვნის ზრდამ დამამუშავებელი მრეწველობის ზრდა განაპირობა.

უმსხვილესი დარგის, ვაჭრობის ზრდის ტემპი წინა წელთან შედარებით გაიზარდა და 1.8 პროცენტი შეადგინა. ვაჭრობის დარგის ზრდა მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისთვის, რადგანაც ამ დარგში მუშაობს კერძო სექტორში დასაქმებულთა ყველაზე დიდი ჯგუფი.

2016 წელს ეკონომიკის ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა ინვესტიციები იყო, რომელთა წვლილმა რეალურ ზრდაში 2 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ინვესტიციების ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სახელმწიფოს მიერ განხორციელებულმა ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა. კერძო სექტორიდან კი ძირითადი აქტიურობა მოდიოდა მშენებლობის სექტორზე.

ცალკე აღნიშვნის ღირსია მნიშვნელოვანი ინვესტიციები ბრიტიშ პეტროლეუმის (British Petroleum) ახალი მილსადენის მშენებლობაში. 2016 წლის განმავლობაში მოხმარებამ მცირე დადებითი წვლილი შეიტანა ეკონომიკის ზრდაში - 0.8 პროცენტული პუნქტი, რასაც ძირითადად მთავრობის მოხმარების ზრდა განაპირობებდა. წმინდა ექსპორტის წვლილი ეკონომიურ ზრდაში 2016 წელს კვლავ უარყოფითი იყო და -0.1 პროცენტული პუნქტი შეადგინა. წლის განმავლობაში სტაბილურად მზარდი ტემპი ჰქონდა ვიზიტორთა რაოდენობას და, შესაბამისად, ტურისტულ შემოსავლებსაც, რაც ხელს უწყობდა მომსახურების ექსპორტის ზრდას. წლის მეორე ნახევარში გაუმჯობესება დაიწყო საგარეო მოთხოვნამ, რამაც საქონლის ექსპორტის ზრდა წაახალისა. წლის ბოლოსათვის კი შიდა მოთხოვნის მატების ნიშნები გამოიკვეთა", - ვკითხულობთ ანგარიშში.