Home
Category
TV Live Menu
Loading data...

უკრაინა ბუნებრივი გაზის ნორვეგიისგან შესყიდვას აპირებს

59428220393a1
BM.GE
15.06.17 16:48
737
უკრაინა 2022 წლიდან ბუნებრივი გაზის ნორვეგიისგან შესყიდვას აპირებს. ამის შესახებ თავის „ფეისბუქ“ გვერდზე უკრაინის ენერგეტიკისა და ქვანახშირის წარმოების მინისტრის მრჩეველმა მაქსიმ ბელიავსკიმ დაწერა. „პროექტს პოლონეთთან სამ სიბრტყეში განვიხილავთ: წვდომა სამამულო საცავების მოცულობებზე (ჩვენ გაზის შესანახი მოცულობების 50%-იანი პროფიციტი გვაქვს), უკრაინული გაზის ექსპორტის შესაძლო დერეფანი (საკუთარი მოთხოვნილების დაკმაყოფილების შემდეგ) და სატრანზიტო დერეფანი „ჩრდილოეთი-სამხრეთი“, - განაცხადა ბელიავსკიმ ჟურნალისტთან საუბრისას.

2015 წლის ბოლოდან უკრაინა რუსულ გაზს, რომელიც მოთხოვნის ნახევარზე მეტს აკმაყოფილებდა, აღარ ყიდულობს. ამჟამად Naftogaz გაზს ევროპიდან რევერსით ყიდულობს. Gazprom-მა არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით: რუსული კომპანიის აზრით, ამგვარი სქემის დროს, შესაძლოა, საფრთხე შეექმნას ტრანზიტს. კიევმა, თავის მხრივ, არაერთხელ განაცხადა, უკრაინის, როგორც ტრანზიტორის, საიმედოობის შესახებ და სატრანზიტო შეთანხმებები არ დაურღვევია. რაც შეეხება გაზის შესყიდვასა და მომხმარებლების უზრუნველყოფას, კიევი პერიოდულად აცხადებს სხვადასხვა შესაძლებლობების შესახებ: აშშ-საგან შეჭირხლული გაზის შესყიდვიდან მოხმარების შემცირებამდე. ნორვეგია ევროპაში გაზის უდიდესი მწარმოებელია. თუმცა, ქვეყნის გაზის მარაგები უკვე არაერთი წელია მცირდება და პროგნოზების მიხედვით, ტენდენციის დაძლევა ვეღარ მოხერხდება. თუმცა, ენერგეტიკის სფეროში უკრაინელი ექსპერტის, Naftogaz-ის ყოფილი პრეს-მდივნის ვალენტინ ზემლიანსკის თქმით, სხვა ძირითადი პრობლემებიც არსებობს.

„პირველ რიგში, ეს საკმაოდ გრძელვადიანი გეგმებია, რომელთა რეალიზება მოცემულ ეკონომიკურ პირობებში საკმაოდ გაურკვეველია, - აღნიშნავს ზემლიანსკი - უკრაინას არ გააჩნია ეკონომიკური განვითარების მკაფიო სტრატეგია, შესაბამისად არ არსებობს გაზის საჭირო მოცულობების განსაზღვრის საშუალება“. ექსპერტის თქმით, დღეისათვის მრეწველობის მიერ გაზის მოხმარება მცირდება, გაზის მაღალი ტარიფები აიძულებს მოსახლეობას, უარი თქვას გაზის გათბობაზე და მინიმუმამდე დაიყვანოს მისი მოხმარება.

ანუ, უახლოეს წლებში უკრაინაში გაზის მოხმარების ზრდასა და შესაბამისად, მის იმპორტს არ უნდა ველოდოთ. ექსპერტი სამინისტროს განცხადებას პოლიტიკურს უწოდებს და მისი აზრით, კითხვებს ბადებს პროექტის ეკონომიკური მიზანშეწონილობაც: დაწყებული პოლონეთში ინტერკონექტორის მშენებლობიდან და დამთავრებული ნორვეგიული გაზის ღირებულებით, რომელიც ევროკავშირში ყველაზე ძვირადღირებულად ითვლება. 9 ივნისს უკრაინის პრემიერმინისტრმა ვლადიმერ გროისმანმა განაცხადა, რომ კიევი ყველა ძალისხმევას ხმარობს, რათა არ დაუშვას მილსადენის მშენებლობა, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მარტო უკრაინის, არამედ სხვა ქვეყნების ეროვნულ უსაფრთხოებასაც. საუბარია გაზსადენზე „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ (55 მლრდ მ 3 სიმძლავრით), რომელიც ბალტიის ზღვის ფსკერით უკვე არსებული პირველი „ჩრდილოეთის ნაკადის“ პარალელურად გერმანიის სანაპირომდე უნდა გავიდეს. „მინდა დაგარწმუნოთ, რომ უკრაინა ყველა პოლიტიკურ და იურიდიულ ზომას მიმართავს ეროვნული ინტერესების დასაცავად, მათ შორის ჩვენი ძალისხმევის საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინირებას, რათა არ დაუშვას ამ პოლიტიკური პროექტის მშენებლობა“, - განაცხადა გროისმანმა უზენაეს რადაში „მთავრობასთან შეკითხვების საათის“ დროს.

ენერგოდაიჯესტი