Home
Category
TV Live Menu
Loading data...

დავით საგანელიძე მთავრობისგან საპარტნიორო ფონდის და ჩინელების განკარგულებაში 12 000 ჰა მიწის გადაცემას ითხოვს

59258254dfb31
თელარა გელანტია
24.05.17 16:52
742
საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის დავით საგანელიძის განცხადებით, ჩაის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, მომდევნო 10-12 წლის განმავლობაში $500 მლნ-ის ჩინური ინვესტიცია განხორციელდება.

როგორც „საქმის კურსს“ დავით საგანელიძემ განუცხადა, პროგრამას საპარტნიორო ფონდი ჩინეთის სახელმწიფო ჩაის განვითარების პოლიტიკის გამტარებელ ორგანიზაციასა და კომპანია „ჰუალინგთან“ ერთად განახორციელებს.

მისივე ინფორმაციით, საპილოტე პროგრამა უკვე ხორციელდება წალენჯიხაში.

"ჩაის ბიზნესი საკმაოდ მზარდია. ქართული ჩაი ყველაზე მაღალ საფასო სეგმენტში მოხვდა და ჩინური მხარე 500 მლნ დოლარის ინვესტირების გარდა, გეგმავს წარმოებული ჩაიც თავად შეიძინოს", - აღნიშნა საგანელიძემ.

ამასთან, საპარტნიორო ფონდი სახელმწიფო სტრუქტურებისგან გარკვეულ გარანტიებს ითხოვს.

"ჯერჯერობით, საკითხი ღიად დგას ჩვენს სამთავრობო სტრუქტურებში - ჩვენ ვითხოვთ, უკვე მეც, რადგან პროგრამის ერთ-ერთი მონაწილე ვარ, სახელმწიფომ ჩაის კულტურისთვის 12 ათასი ჰა-ის გამოყოფა უზრუნვლეყოს. უკვე გაკეთებული გვაქვს ზუსტი ტოპოგრაფიული, საკადასტრო რუკები, თუ სად უნდა გაშენდეს ჩაი.

საშიშროება მდგომარეობს იმაში, რომ შეიძლება, ეს პროექტი დაიწყოს, თანხა გამოიყოს და სანამ ოთხი-ხუთი წელი გავა, ტერიტორია გასხვისდეს ან სხვა კულტურა გააშენონ და პროექტი შინაარსობრივად ჩაიშალოს. ამიტომ ვითხოვთ, რომ ეს ტერიტორიები გარანტირებულად ამ პროექტისთვის გამოიყოს ანუ საუბარია იმაზე, რომ 49 წლით ერთობლივი კომპანიის განკარგულებაში გადავიდეს ეს ტერიტორია“, - განაცხადა საგანელიძემ და დასძინა, რომ შესაძლოა, ტერიტორია საპარტნიორო ფონდს გადაეცეს და ფონდი ამ კაპიტალით შევიდეს პროექტში.

ამასთან, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის თქმით, ამ თემაზე სოფლის მეურნეობის და ინფრასტრუქტურის მინისტრებს უკვე ესაუბრა და საქმის კურსშია პრემიერ-მინისტრიც.