Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტო მომავალი წლის პირველ ნახევარში ამოქმედდება - "ჩვენი თითო დოლარის ჩართულობა უნდა იწვევდეს 10 დოლარის ჩართულობას ბანკების მხრიდან"

58cfc3e53fca6
BM.GE
20.03.17 15:55
1101
საპარტინიორო ფონდის ხელმძღვანელის მოადგილის ნათია თურნავას განცხადებით, ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტო სავარაუდოდ მომავალი წლის პირველ ნახევარში დაიწყებს ფუნქციონირებას. ამის შესახებ მან „საქმის კურსს“ განუცხადა. მისი თქმით, დღეს არსებული რედაქციით, სააგენტო საპარტნიორო ფონდის შვილობილ კომპანიად უნდა ჩამოყალიბდეს.

"2 პროდუქტი გვაქვს შეთავაზებული - ეს არის საბრუნავი საშუალებების გარანტიები ექსპორტიორებისთვის. რადგანაც დღეს საბრუნავი საშუალებების ნაკლებობა არ აძლევს ჩვენს ექსპორტიორებს შესაძლებლობებს, უფრო ფართოდ იყვნენ საერთაშორისო ბაზარზე. მეორე პროდუქტი არის საექსპორტო დაზღვევა, ეს არის სრულიად ახალი პროდუქტი, რომელიც დღეს არ არის განვითარებული, მიუხედავად იმისა, რომ კერძო სადაზღვევო სექტორი განვითარებულია. რისკები არის მაღალი და ეხება ისეთ რისკების დაზღვევას როგორიც არის უცხოელი მყიდველი, პოლიტიკური თუ ეკონომიკური რისკები",- აცხადებს თურნავა.

მისივე თქმით, თავდაპირველად სააგენტოსთვის გამოყოფილი 20 მილიონი დოლარი იქნება, თუმცა, ეს თანხა მხოლოდ ამ პროდუქტებს და ექსპორტიორებს არ მოხმარდება.

"ჩვენი მიზანია, იმდაგვარად შევთავაზოთ ფინანსური მექანიზმები ბაზარს, რომ კერძო ბანკები ჩავრთოთ. ეს არის სინერგიული პროდუქტები ჩვენსა და ბანკებს შორის. ჩვენი თითო დოლარის ჩართულობა უნდა იწვევდეს 10 დოლარის ჩართულობას ბანკების მხრიდან",- აცხადებს თურნავა.