Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

რევაზ არველაძე "ხუდონჰესის" ინვესტორსა და საქართველოს მთავრობას შორის სამართლებრივ დავას არ გამორიცხავს

5915975e3c07c
დავით ჯალაღონია
12.05.17 15:04
992
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ენერგეტიკოსის რევაზ არველაძის აზრით, მთავრობის გადაწყვეტილება, "ხუდონჰესი" ინვესტორი კომპანია "ტრანს ელექტრიკასგან" სრულად შეიძინოს, პროექტის განხორციელების გაჭიანურებით არის განპირობებული.

"ხუდონჰესის" მშენებლობა დროში უსაშველოდ გაიწელა. ეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პროექტია და მისი განხორციელება დროულად რომ მომხდარიყო, აქამდე ამოქმედებული იქნებოდა, იმას აღარ ვამბობ, საბჭოთა კავშირის პერიოდში რომ დამთავრებულიყო. ჩვენ წლევანდელი ბალანსით, მილიარდ 700 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგია იმპორტით უნდა შევისყიდოთ. 740 მლნ უკვე პირველ სამ თვეში შევისყიდეთ. ამ ელექტროსადგურის გამომუშავება მილიარდნახევარი კვტ/სთ-ია და დაახლოებით 300 მლნ კვტ/სთ-ს ენგურჰესს უმატებს ზამთარში. "ხუდონჰესის" მუშაობის პირობებში საერთოდ აღარ დაგვჭირდებოდა ელექტროენერგიის იმპორტით შესყიდვა", - განაცხადა არველაძემ "საქმის კურსთან" საუბრისას.

კითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი, რომ ინვესტორმა საკუთარი ინტერესების დაცვის მიზნით, საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართოს, არველაძე პასუხად აცხადებს, რომ "გამორიცხული არაფერია".

"როგორც თავად ამბობენ, 30 მლნ დოლარი აქვთ დახარჯული. რამდენიც არ უნდა იყოს, თუ საქმე არბიტრაჟში წავიდა, ბევრად მეტს მოითხოვენ, ვიდრე დახარჯული აქვთ. რა და როგორ იქნება, ვნახოთ", - აღნიშნა არველაძემ.

ენერგეტიკის სამინისტროსა და ინვესტორს შორის ურთიერთობის დეტალები, როგორც დეპუტატი აცხადებს, მისთვის უცნობია, თუმცა ამ ჰესის მშენებლობაში სახელმწიფოს ჩართულობა მნიშვნელოვნად მიაჩნია.

"ვერცერთ ენერგოსისტემას ვერ დაასახელებთ მსოფლიოში, სადაც სახელმწიფოს მონაწილეობა არ მიეღოს მის განვითარებაში. მაგალითად, თუ ინვესტორი არ მოვიდა, ე.ი ენერგეტიკის განვითარება უნდა გაჩერდეს? - აქედან გამომდინარე, სახელმწიფო იმის გულისთვის, რომ ასეთი კატაკლიზმები არ მოხდეს, აუცილებლად მონაწილეობას იღებს. "ხუდონჰესის“ შემთხვევაში ერთადერთი პრობლემა იყო დარჩენილი, რასაც ითხოვდა მოსახლეობა. სახელმწიფოს მიაჩნია, რომ ინვესტორმა ვერ გადალახა ეს მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით ძალიან სერიოზულად იმუშავა. საკმაოდ დიდი სახსრები დახარჯა, შეთავაზებაც მე მგონია, რომ ძალიან კარგი იყო. საერთოდ, მსოფლიო ბანკის მიერ დამუშავებული გეგმით, როდესაც მაგალითად წყალსაცავი უნდა აშენდეს და ხალხის გასახლებაა საჭირო, მას უარესი პირობები არ უნდა შეუქმნა, ვიდრე ჰქონდა. ჩვენს შემთხვევაში, შეთავაზებაში ბევრად უკეთესი პირობები იყო, მაგრამ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს", - აღნიშნა დეპუტატმა.

მისივე განმარტებით, საბჭოთა კავშირის დროს სვანეთის იმ მაცხოვრებლებს, რომელთა საკარმიდამო ნაკვეთებზე ხუდონჰესი უნდა აშენდეს, ორჯერ ჰქონდათ კომპენსაცია მიღებული.

"ეს სახლებიც დარჩათ და კომპენსაციაც. ახლა უკვე ახალი თაობა წამოვიდა და მათ ახალი მოთხოვნები აქვთ. ეს მოთხოვნები, რომელიც რეალური და სწორია, უნდა შეუსრულო კიდევაც", - მიიჩნევს დეპუტატი.

რაც შეეხება პროექტის გარემოზე ზემოქმედების საკითხს, რევაზ არველაძის ინფორმაციით, ამ მხრივ ჰესი ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს.
შეგახსენებთ, რომ "ხუდონჰესის" ინვესტორთან პროექტის გამოსყიდვის თაობაზე მოლაპარაკებების შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ 19 აპრილს განაცხადა. მოგვიანებით, მინისტრის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ განმარტა, რომ მთავრობის მიერ ინვესტორისგან "ხუდონჰესის" გამოსყიდვის პროცესი დაახლოებით ერთ წელიწადში დასრულდება. რა თანხის გადახდა მოუწევს მთავრობას "ხუდონჰესში" "ტრანს ელექტრიკასთვის", უცნობია. თანხას აუდიტი დაითვლის. თავად კომპანიის ტექნიკურმა დირექტორმა დავით მირცხულავამ კი „საქმის კურსთან“ რანდენიმე თვის წინ საუბრისას განაცხადა, რომ ინვესტორმა პროექტზე 30 მილიონი დოლარი უკვე დახარჯა.