Home
Category
TV Live Menu
Loading data...

თბილისში პარკირების პრობლემების გადასაჭრელად მორიგი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

589d54766821f
დავით ჯალაღონია
10.02.17 10:00
1040
თბილისის საკრებულოში პარკირებისა და სატრანსპორტო სისტემების გასაუმჯობესებლად, საკრებულოს დეპუტატ ნუგზარ მალაღურაძის თავმჯდომარეობით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომლის ფარგლებშიც ჯერ–ჯერობით მხოლოდ ერთი შეხვედრა გაიმართა.

სამუშაო ჯგუფის წევრები საკრებულოს სხვადასხვა ფრაქციების დეპუტატები, თბილისის ვიცე–მერი ირაკლი ლექვინაძე და არასამთავრობო სექტორის რამდენიმე წარმომადგენელი არიან.

როგორც ნუგზარ მალაღურაძემ „ბიზნესკონტრაქტს“ განუცხადა, ჯგუფი შეიმუშავებს მიდგომას ქალაქში პარკირების სისტემის მოსაწესრიგებლად და იქიდან გამომდინარე, რომ თბილისში პარკირების სისტემას „სითი პარკი“ ოპერირებს, ჯგუფმა თავიანთი ხედვები ისევ ამ კომპანიას უნდა შესთავაზოს.

"ეს რეალობაა – ქალაქში ცოტა საპარკინგე ადგილებია. მანქანების გაჩერება დასწრებაზეა. ბევრი საუბარი იყო იმაზე, რომ მერიამ „სითი პარკს“ ხელშეკრულება შეუწყვიტოს. ეს მუშა ჯგუფი იმიტომ შეიქმნა, რომ მეც და ჩემმა კოლეგებმაც დავსვათ შეკითხვა: კი ბატონო, გავუშვით „სითი პარკი“ და ამისთვის 25 მილიონი ლარი გადავიხადეთ, ხვალ რა იქნება? – ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორი პარკირება უნდა იყოს თბილისში“, – განაცხადა საკრებულოს წევრმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა ვადებში წარმოადგენს ეს ჯგუფი პრობლემის გადაჭრის გეგმას.

"კვლევები დაგვჭირდება. ვადებს ვერ გეტყვით“, – აღნიშნა მან.

სწორედ ვადებისა და სამუშაო გეგმის დეტალურად გაწერას ელოდება საკრებულოს ოპოზიცია. საკრებულოს ფრაქცია „რესპუბლიკელებისა“ და ამ სამუშაო ჯგუფის წევრი დავით ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ პარკირების პრობლემა მხოლოდ მერიასა და „სითი პარკს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ მოგვარდება.

"ჩვენ თავის დროზე მერიას მრავალი გზა შევთავაზეთ, თუ როგორ გაესტუმრებინა ეს 25 მილიონი – მათ შორის დავთვალეთ რაღაც მარაგები ბიუჯეტიდან, ასევე გვქონდა წინადადება, რომ სხვა ინვესტორისთვის მიემართათ, რადგან დარწმუნებული ვარ, ინვესტორები მოიძებნება, თუ მერიის მხრიდან კეთილი ნება იქნება და არაკეთილსინდისიერ გარიგებაში არ არიან „სითი პარკთან“, – მიიჩნევს დავით ზურაბიშვილმა.

ზემოთ აღნიშნულ სამუშაო ჯგუფის ქმედითუნარიანობასთან დაკავშირებით სკეპტიკურად არის განწყობილი საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელოსაშვილი.

„სატრანსპორტო პრობლემების შემსწავლელი კომისიის შექმნას ორი წლის წინ ვითხოვდი. მაშინ ადეკვატური იქნებოდა და ახლა, როცა რამდენიმე თვე დაგვრჩა საკრებულოში მუშაობისთვის, რაიმე კომისიის შექმნა არასერიოზულია“, – განაცხადა ელისაშვილმა.

თბილისის საკრებულოში შექმნილი ჯგუფის წევრები შეკრებას თვეში ერთხელ გეგმავენ.

შეგახსენებთ, რომ მერიამ პარკირების სისტემის გასავითარებლად და „სითი პარკთან“ გარკვეული შეთანხმების მისაღწევად, მსგავსი სამუშაო ჯგუფი 2015 წელს შექმნა, მაგრამ უშედეგოდ. შედეგი არც იმ დასკვნას ჰქონდა, რომელიც მერიამ „სითი პარკთან“ წინა ხელისუფლების პირობებში გაფორმებული ხელშეკრულების შესასწავლად EY-ს დაუკვეთა. კითხვაზე, როგორ აპირებს მერია საკრებულოში შექმნილი ჯგუფის დახმარებით, თბილისში პარკირების სისტემის მოწესრიგებას, ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობაში კომენტარს არ აკეთებენ.