Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ჩინურმა პროვინციამ საქართველოს მიმართულებით სუბსიდია დაამტკიცა, პირველ მატარებელს ზაფხულში მივიღებთ"

59436e7d32186
ნინო კვინტრაძე
16.06.17 09:35
858
ჩინურმა პროვინციამ საქართველოს გავლით ტვირთების ტრანზიტისთვის სუბსიდია გამოყო. საქართველოს რკინიგზის დირექტორის განცხადებით, საუბარია 30 მატარებელზე. პირველ მატარებელს საქართველო ზაფხულში ელოდება.

საქართველოს რკინიგზის დირექტორს ჟურნალისტებთან საუბრისას პროექტთან დაკავშირებით მეტი დეტალი არ დაუსახელებია. კონკრეტულად რომელ პროვინციაზეა საუბარი და რა არის სუბსიდიის მოცულობა, რომელიც ჩინეთის მთავრობამ დაამტკიცა, - ამ კითხვებით „საქმის კურსმა“ საქართველოს რკინიგზას მიმართა, თუმცა რამდენიმე კვირის განმავლობაში უწყებიდან პასუხი ვერ მივიღეთ.

"ჩვენ საგარეო საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროებთან ერთად დავამუშავეთ გეგმა და გვაქვს მწვანე შუქი ჩინეთის ხელისფლებასთან ერთად. აქტიურად დავიწყეთ მუშაობა პროვინციებთან. ჩინეთი დიდი ქვეყანაა და პროვინციებთან მუშაობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. შერჩეული გვაქვს 6 პროვინცია, რომელთანაც ჩვენ ვთვლით, რომ პრიორიტეტული იქნება მუშაობა. ერთ-ერთმა პროვინციამ უკვე დაამტკიცა სუბსიდირება საქართველოს მიმართულებით, დაახლოებით 30 მატარებელზეა საუბარი, რომელსაც ჩვენ სტამბულის მიმართულებით გავგზავნით და ბუნებრივია ამ მხრივ მუშაობა არის პრიორიტეტი საქართველოსთვის. ჩვენ ზაფხულში ამ პროექტის ფარგლებში ველოდებით მატარებელს“, - განაცხადა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2016 წელს წინა წელთან შედარებით, სახელმწიფო კომპანიის მთლიანი შემოსავლები 23%-ით შემცირდა, ტრანსპორტირების მოცულობა კი წლიურად 16%-ით შემცირდა.

გასულ წელს, საქართველოს რკინიგზის მთლიანი შემოსავალი 440 მლნ ლარი იყო, 2015 წელს კი 574 მლნ ლარი. საქართველოს რკინიგზის წმინდა შემოსავლებმა 2016 წელს, 65,1 მლნ ლარი შეადგინა.

რკინიგზის შემოსავლები შემცირებას წლის პირველ კვარტალშიც განგრძობს, - იანვარ-მარტში საქართველოს რკინიგზის შემოსავლები დაახლოებით 3%-ით შემცირდა.