Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

სადახლო-ბაგრატმშენის საზღვარზე ახალი ხიდი აშენდება

5866314387c48
BM.GE
30.12.16 14:01
997
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულმა დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც 6 მილიონ ევრომდე თანხით საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელი სადახლო-ბაგრატაშენის ახალი სასაზღვრო ხიდის მშენებლობა დაფინანსდება. სულ აღნიშნული პროექტის ღირებულება 10.3 მილიონ ევრომდეა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს საზღვარზე მგზავრების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს საიმედო პარტნიორია ფინანსური თანამშრომლობის, ევროპასთან გაძლიერებული კავშირისა და ევროპიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. იმედი მაქვს, რომ აღნიშნულ ბანკთან წარმატებული თანამშრომლობა შემდგომშიც გაგრძელდება და მისი ფინანსური მხარდაჭერით დაინერგება მნიშვნელოვანი პროექტები წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის და სოფლის მეურნეობის სფეროების განსავითარებლად, რაც ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და ეკონომიკური ზრდის საწინდარი იქნება. მნიშვნელოვანია, რომ ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც ასახულია ევრობანკის 2017 წლის სტრატეგიის დოკუმენტში, სრულ შესაბამისობაშია საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმასთან“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

„აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტი კარგად ერგება 2017 წლის სტრატეგიას საქართველოსთვის, რომლის მთავარი მიმართულებებია ქვეყნის ინფრასტრუქტურის მოდერნიზება და რეგიონული კავშირების გაფართოების ხელშეწყობა. ველით, რომ ჩვენი წარმატებული თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან გაგრძელდება,“ - განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა.

სადახლო-ბაგრატაშენის ხიდი თბილისიდან 60 კმ-ის დაშორებით მდებარეობს და ის საქართველოსა და სომხეთს შორის საზღვრის გადაკვეთის მთავარ წერტილს წარმოადგენს.