Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ირლანდიელი ინვესტორი: ეკონომიკის მინისტრსაც მივწერე წერილი... დარწმუნებული ვარ, რომ ჩარევა მოხდა

5943ee4a5cde9
თელარა გელანტია
16.06.17 18:40
888
ირლანდიელ ინვესტორს, საქართველოს მოქალაქე ჯეფრი კენტის, რომელსაც გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთში სახელმწიფოსგან მიწის შეძენა სურდა, მაგრამ ვერ იყიდა, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ გარკვეული კითხვები აქვს.

ბიზნესმენის თხოვნით, მისი საქმე "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" შეისწავლა და კვლევის შედეგად დაასკვნა, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მიწის პრივატიზების პროცესში კორუფციის ნიშნები იკვეთება.

აღნიშნული საქმის მოკლე აღწერა ასეთია: 2015 წლის სექტემბერში ბიზნესმენი ჯეფრი კენტი, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ თელეთში მიწის ნაკვეთის შეძენით დაინტერესდა. თავდაპირველად სააგენტომ (ადგილობრივი თვითმმართველობის თანხომბით) მიწის ნაკვეთი აუქციონზე გაიტანა, თუმცა სახსრების არქონის გამო, დაინტერესებულმა მხარეს მიწა ვერ შეიძინა.

მოგვიანებით, 2016 წლის მაისში ჯეფრი კენტიმ (მისი წარმომადგენლისა და კომპანია „ველლ 3“-ის სახელით), კვლავ სცადა მიწის შეძენა (ამჯერად, მთლიანი მიწის ნაკვეთის ერთ-ერთი ნაწილის), თუმცა ამის შემდეგ დაიწყო პროცედურების ვადების გაწელვა, რის შემდეგაც საბოლოოდ, მან მისთვის სასურველი მიწის ნაკვეთი ვერ შეიძინა.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ჯეფრო კენტისთან ინტერვიუების შედეგად გამოიკვლია, ამავე პერიოდში ამ მიწით "სხვა პირებიც დაინტერესდნენ". საბოლოოდ, სააგენტოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქმედებების გამო, ინვესტორმა იმ მიწის ნაკვეთის შეძენა ვერ შეძლო. 2017 წლის თებერვალში კი, მიწის ნაკვეთები ფიზიკურმა პირმა (ნეიროქირურგი) ირაკლი ოთარაშვილმა შეიძინა. არსამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, აღნიშნულმა პირმა ნაკვეთები საეჭვოდ მოკლე დროში შეიძინა. როგორც ირლანდიელი ბიზნესმენი ირწმუნება, რამდენიმე დღეში ოთარაშვილის წარმომადგენლებმა მას აუქციონზე ნაყიდი მიწის ყიდვა შესთავაზეს, ოღონდ 2.5-ჯერ უფრო ძვირად, რაზეც ბიზნესმენმა უარი თქვა, რის შემდეგაც ირაკლი ოთარაშვილმა მალევე მიწები ახლადრეგისტრირებულ კომპანია „გრანდ დეველოპმენტ ჯორჯიას“ მიჰყიდა.

„დღეს უკვე დარწმუნებული ვარ, რომ მოხდა ჩარევა. ვფიქრობ, ქართველი ხალხი მოატყუეს, მათ შორის, მეც, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე“, - აცხადებს „ანალიტიკასთან“ ინტერვიუში ჯეფრი კენტი, რომელიც 10 წელია საქართველოში ცხოვრობს, საკუთარი ბიზნესი აქვს, კომპანიაში 30 ადამიანი ჰყავს დასაქმებული და თანამედროვე საბურღი ტექნიკით მიწის გეოლოგიურ შესწავლას ახდენს.

„საქართველოში ეს ტექნიკა რომ ჩამოვიტანეთ, მშენებლობის და ჰიდროენერგეტიკის სექტორში დასაქმებულებს ყველას გაეხარდათ, რადგან ჩვენ შეგვიძლია მოკლე დროში შევისწავლოთ საჭირო ტერიტორიის გეოლოგია და დავდოთ კვალიფიციური დასკვნა. ჩვენს კლიენტებს შორისაა, ყველაზე მსხვილი ენერგოპროექტები - ნენსკრა, აჭარისწყალი, ონის ჰესები. ამ ტიპის მსხვილი პროექტები საინვესტიციო ბანკებისგან ვერც ინვესტიციებს მოიზიდავს, ან თუ მოიზიდავს, მშენებლობა გეოლოგიური დასკვნის გარეშე მაინც ვერ დაიწყება. ამიტომ ამ მიწის შეძენა ძალიან დაგვეხმარებოდა იმაში, რომ კლიენტებისთვის საცდელი სადემონსტრაციო ადგილი გვქონოდა“, - ყვება ირლანდიელი ბიზნესმენი.

როგორც ჯეფრი კენტი "ანალიტიკას" უყვება, ქონების ეროვნულ სააგენტოსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან შექმნილი ბიუროკრატიული პრობლემების გამო, დახმარებისთვის უშუალოდ ეკონომიკის სამინისტროს მიმართა, მაგრამ - უშედეგოდ.

"ქეთი ბოჭორიშვილი ადრეც დამხმარებია. ახლაც დროულად, მაგრამ მოკლედ მიპასუხა. შემდეგ, წერილობით მიმართა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და აუხსნა, რომ თუ ჩემი ნათქვამი დადასტურდებოდა, ეს ძალიან ცუდი იქნებოდა.

ეკონომიკის მინისტრს, გიორგი გახარიასაც მივწერე წერილი. მას ბიზნესი ძალიან აფასებს. თუმცა ამ დრომდე ის შედეგი გვაქვს, რაც გვაქვს - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან საკმაოდ უშინაარსო მიმოწერის ფონზე, მიწა მაინც სხვაზე გაიყიდა. ეს ფაქტი საკმაოდ შემაშფოთებელია. ცხადია, ბიზნესის განვითარებას ვაპირებ.

საქართველოს მოქალაქე ვარ, ქართველი მეუღლე მყავს და შვილები. არსად წავალ, მაგრამ ჩემთვის მართლა სამწუხაროა, რომ ასეთი ფაქტები პროგრესს აფერხებს. მე კარგად გამოვიყენებდი ამ ადგილს. თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდასაც ვაპირებდი. ყველას, ვისაც ეს ამბავი მოვუყევით, გული დაწყდა. იმედგაცრუებულები ვართ", - აცხადებს ირლანდიელი ინვესტორი.