Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ჯეუ გრუპი" ასფალტ-ბეტონის ახალი, ტრანსპორტირებადი ქარხნით ერთ წელიწადაში ბაზრის 5%-ის დაკავებას გეგმავს

5919b01165bdb
სალომე მეცხვარიშვილი
15.05.17 17:37
830
"ჯეუ გრუპი" მობილური ასფალტ-ბეტონის ახალი ქარხნით ერთ წელიწადაში ბაზრის 5%-ის დაკავებას გეგმავს. როგორც "საქმის კურსს" "ჯეუ-გრუპის" ბიზნესის განვითარების მენეჯერმა გიორგი თავართქილაძემ განუცხადა, მობილური ქარხანა, რომლის გადატანა ერთი ადგილიდან მეორეზე 1 კვირაშია შესაძლებელი, საქართველოში ივნისის დასაწყისში ჩამოვა.

კომპანიის მენეჯერი ამბობს, რომ ქარხანას საათში 120 ტონის წარმოება შეეძლება.

"წელიწადში რომ 100 ათასი ტონა ასფალტ-ბეტონი გავყიდოთ, საკმაოდ წარმატებული შედეგი იქნება ჩვენი კომპანიისთვის",- აცხადებს გიორგი თავართქილაძე.

მისივე თქმით, პროექტისთვის 3,3 მილიონი ლარი დაიხარჯა და შედეგად პირდაპირ და არაპირდაპირ სულ 24-მდე ადამიანი დასაქმდება.

კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, იმის გამო, რომ ქარხანა მობილურია და მისი გადატან-გადმოტანა ადვილია, კონკურენტუნარიანიც იქნება.

"ქარხნის დაშლა და სხვაგან გადატანა შესაძლებელია ერთი კვირის ვადაში. იქ, სადაც ინერტული მასალები ყველაზე ახლოს იქნება ობიექტთან, შესაძლებელია იქვე დამონტაჟდეს ქარხანა და იქვე მოხდეს ასფალტის წარმოება. ეს შეამცირებს ტრანსპორტირების ხარჯებს, რაც უფრო ეფექტური იქნება ბიზნესისთვის",- აცხადებს "ჯეუ გრუპის" წარმომადგენელი.

კომპანია "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით, კერძოდ, სალიზინგო პროგრამით სარგებლობს.