Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგიის გამოქვეყნების ახალ თარიღს ასახელებს

59244214352c3
თელარა გელანტია
23.05.17 18:05
729
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგიაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

"უწყება პარტნიორ, დონორ ორგანიზაციებთან, მათ შორის, მსოფლიო ბანკთან ერთად აქტიურად მუშაობს სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგიაზე. დოკუმენტში საბოლოო დეტალების შესათანხმებლად, მიმდინარეობს მუშაობა, რომელიც მომავალი თვის ბოლომდე დასრულდება", - განცხადეს "საქმის კურსს" დიმიტრი ქუმსიშვილის უწყებაში.
მათივე ინფორმაციით, სახელწმიფო ვალის მართვის სტრატეგიის საბოლოო ვარიანტის ჩამოყალიბების შემდეგ, დოკუმენტი საჯარო განხილვისთვის ერთ თვეში გამოქვეყნდება.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2016 წლის პირველ კვარტალში უნდა გამოექვეყნებინა, მაგრამ არ გამოუქვეყნებია. მოგვიანებით, 2016 წლის ოქტომბერში ფინანსთა მინისტრის მაშინდელმა მოადგილემ დავით ლეჟავამ „საქმის კურსს“ განუცხადა, რომ სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგიას უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებდნენ.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგიის საჭიროებაზე მთავრობას 2017 წლის ბიუჯეტის პროექტზე საკუთარ დასკვნაში აუდიტის სამსახურმაც მიუთითა, რაზეც დიმიტრი ქუმსიშვილის უწყებიდან უპასუხეს, რომ დოკუმენტს 2016 წლის ბოლომდე გამოაქვეყნებდნენ.

უფრო ადრეც, სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგიის დოკუმენტის მნიშვნელობაზე გენერალური აუდიტორის მიერ ყურადღება გამახვილდა "სახელმწიფო ვალის მართვის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშში“ და გაიცა შესაბამისი რეკომენდაცია. სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგიის აუცილებლობაზე აქცენტი გაკეთდა „კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიის“ დოკუმენტშიც, სადაც აღნიშნულია, რომ ვალის მართვის სტრატეგიის არსებობა მნიშვნელოვანია ფასიანი ქაღალდების ბაზარზე პროგნოზირებადობის უზრუნველსაყოფად და ბაზრის მონაწილეებთან კომუნიკაციის გაუმჯობესებისთვის.