Home
Category
TV Live Menu
Loading data...

თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტზე გადაწყვეტილების მისაღებად მთავრობის მიერ დადგენილი ვადა ამოიწურა

58d0bb8927edf
დავით ჯალაღონია
21.03.17 09:35
999
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 აგვისტოს განკარგულების მიხედვით, პროექტის განხორციელების ფორმაზე საბოლოო გადაწყვეტილება „საქართველოს რკინიგზას“ განკარგულების ძალაში შესვლიდან ოთხ თვეში, მაქსიმუმ 2016 წლის 9 დეკემბერს უნდა მიეღო.

„თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის განხორციელების მიზნით, სს "საქართველოს რკინიგზას" ეთხოვოს:

ა) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმებით, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 მარტის N497 განკარგულების შესაბამისად მომზადებული საპროექტო-საინჟინრო კვლევის საფუძველზე წარდგენილ თბილისის შემოვლითი რკინიგზის გაუმჯობესებულ პროექტზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება ამ განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში;

ბ) პროექტთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, თბილისის შემოვლითი რკინიგზის დასრულება ამ განკარგულების მიღებიდან არა უგვიანეს 22 თვის განმავლობაში", - წერია 2016 წლის 9 აგვისტოს განკარგულებაში.

ამ საკითხზე "საქართველოს რკინიგზაში" კომენტარს ჯერ-ჯერობით არ აკეთებენ, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე კი „საქმის კურსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ შემოვლითი რკინიგზის პროექტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

"რკინიგზა თბილისს გარეთ რომ იქნება გადატანილი, ეს პრაქტიკულად გადაწყვეტილია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი მიმდინარეობს და ქალაქის ინტერესია, რომ ეს სივრცე იქნას გამოთავისუფლებული თბილისის ახალი კუთხით განვითარებისთვის. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, თუ როგორი იქნება შემოვლითი რკინიგზის ახალი პროექტი, ამის შესახებ შეგიძლიათ „საქართველოს რკინიგზას“ ჰკითხოთ. მათ საკმაოდ საინტერესო გადაწყვეტა აქვთ შემოთავაზებული და ბუნებრივია, როდესაც ამ გადაწყვეტილების შესახებ ტექნიკურ-ეკონომიკური დასკვნა იქნება, საზოგადოებისთვის საჯარო გახდება“, - განმარტა ლექვინაძემ.

მისივე ინფორმაციით, განახლებული პროექტი თბილისის ცენტრიდან რკინიგზის როგორც სატვირთო, ისე სამგზავრო ნაწილების გადატანას ითვალისწინებს, თუმცა რამდენად სრულად მოხდება ხაზების დემონტრაჟი, ამ საკითხზე საუბრის პრეროგატივას თბილისის მერია „საქართველოს რკინიგზას“ უტოვებს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ჯგუფმა შემოვლითი რკინიგზის პროექტზე საკუთარი რეკომენდაცია მერიას ჯერ კიდევ 2016 წლის ოქტომბერში გააცნო. როგორც ჯგუფის თანათავმჯდომარე მერაბ ბოლქვაძემ „საქმის კურსს“ განუცხადა, მათ გერმანელ და ფრანგ სპეციალისტებთან დასკვნითი კონსულტაციები გაიარეს და საბოლოო რეკომენდაცია მოამზადეს, რომლის თანახმად, თბილისის ცენტრიდან რკინიგზის სატვირთო ნაწილთან ერთად, სამგზავრო რელსებიც უნდა გადავიდეს, რის შედეგადაც დედაქალაქს სამშენებლო და სარეკრეაციო ზონების გასავითარებლად ახალი ადგილი ექნება. რაც შეეხება კონკრეტულად რკინიგზის სამგზავრო ნაწილის ქალაქგარეთ გადატანას, ამ საკითხზე გენერალური გეგმის ჯგუფსა და „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელობას შორის აზრთა სხვადასხვაობაა იყო.

"არ დაგიმალავთ, რომ რკინიგზის ხელმძღვანელობის ხედვა ასეთია - რკინიგზას უნდა, რომ სამგზავრო ნაწილი დატოვონ, მაგრამ ჩვენ დავასკვენით, რომ საჭიროა, მისი ცენტრალური ნაწილიდან გატანა. ამის შემდეგ ორი სადგური გაჩნდება - დიდუბისა და სამგორის. დასავლეთის მიმართულებიდან მგზავრები დიდუბეში შემოვლენ, აღმოსავლეთის მხრიდან - სამგორში. ეს სწორი გზაა, მით უმეტეს, დანახარჯები უკვე გაღებულია და დიდი სამუშაოებია შესრულებული", - განმარტა ბოლქვაძემ 2016 წლის ოქტომბერში.

2012 წლის მდგომარეობით, დედაქალაქის შემოვლითი რკინიგზის პროექტის განხორციელებისთვის 213 მილიონი დოლარი უკვე დაიხარჯა.