Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გიორგი შაგიძე: ლარიზაცია გრძელვადიანი პროექტია

5944051553afe
BM.GE
17.06.17 13:00
989
თიბისი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟის FTSE 250-ის ინდექსში შევიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბანკი 350 უმსხვილეს კომპანიას შორის მოხვდა, რომელთა აქციებიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. FTSE 250 ინდექსი მსხვილი კაპიტალიზაციის მქონე კომპანიებს აერთიანებს. თიბისი ბანკის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2014 წლიდან ივაჭრება. ბირჟის პრემიუმ სეგმენტში ბანკმა გასულ წელს გადაინაცვლა, - თემის დეტალებით გადაცემაში ’’საქმის კურსი“ თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი შაგიძე საუბრობს.

-ბატონო გიორგი, რას ნიშნავს თიბისი ბანკისთვის ლონდონის საფონდო ბირჟაზე FTSE 250-ის ინდექსში მოხვედრა?

- FTSE 250-ის ინდექსში მოხვედრა ბანკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და საზოგადოდ მთლიანად ქვეყნის საბანკო სისტემისთვის არის მნიშვნელოვანი. უპირველეს ყოვლისა, ეს იმას ნიშნავს, რომ თიბისი ბანკი ლონდონის ბირჟაზე არსებულ უმსხვილეს კომპანიებს შორის მოხვდა. ბუნებრივია, ეს იმას ნიშნავს, რომ საქმე სტაბილურობასთან გვაქვს და თიბისი ბანკმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ ის, საუკეთესო სტანდარტებს აკმაყოფილებს. ამის გარეშე არც ლონდონის საფონდო ბირჟაზე ყოფნა და არც აღნიშნულ ინდექსში მოხვედრაა შესაძლებელი.

-რა მაჩვენებლებით წყდება ამ ინდექსში გადასვლა და რა კომპანიები ივაჭრება?

- კომპანია ინდექსში საბაზრო კაპიტალიზაციისა და ლიკვიდურობის გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილებით ხვდება. უპირველესად, ამისთვის ბანკი ლისტინგის წევრი უნდა იყოს და მის აქციებს შესაბამისი ლიკვიდურობა უნდა ჰქონდეს, ასევე შესაბამისი მარკეტ-კაპიტალიზაცია. საბაზრო კაპიტალიზაცია (Market Capitalization) ჩვენ შემთხვევაში, დაახლოებით 950 მილიონი ფუნტია, რომელიც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ბანკი FTSE 250-ის ინდექსში მოხვედრილიყო.
FTSE 350-ს რაც შეეხება, ეს არის 350 ყველაზე მსხვილი კომპანია, რომელიც არის დალისტული, შედგება FTSE 100-გან და FTSE 250-გან. FTSE 250 ლონდონის საფონდო ბირჟის მეორე უმთავრესი ინდექსია. ლონდონის ბირჟის წამყვანი ინდექსია FTSE 100 რომელიც აერთიანებს ბირჟაზე არსებულ 100 უმსხვილეს კომპანიას. FTSE 250-ის ინდექსი კი სიდიდით 101-დან 350-ეს ჩათვლით არსებულ მსხვილ კომპანიებს აერთიანებს.

-რა მოლოდინები გაქვთ და თქვენი გრძელვადიანი განვითარების გეგმა როგორია?

-ჩვენი გეგმა არა მხოლოდ FTSE 100-ში მოხვედრა, არამედ სხვა ინდექსებში მოხვედრაც არის. თუმცა, ეს გრძელვადიან გეგმებს უკავშირდება. რაც შეეხება იმას, თუ კონკრეტულად ეს ჩართვა რას მოგვცემს - ეს უპირველეს ყოვლისა, იმის საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენი ინვესტორებისა და პარტნიორების წრე და არეალი გავაფართოვოთ. ასევე ეს, რა თქმა უნდა, საშუალებას გვაძლევს, რომ ამან ჩვენ შიდა მომსახურების ხარისხსა და ფასებზე, რომლითაც ჩვენ კლიენტებს ვემსახურებით, პოზიტიური გავლენა მოახდინოს. ეს კი ბუნებრივია, წინგადადგმული ნაბიჯია.

-რამდენად მნიშვნელოვანია ლარიზაციის პროცესი, თქვენი ბანკის შემთხვევაში ლარის რესურსის მოზიდვა როგორ ხდება?

-ძალიან კარგი კითხვაა, რადგან ჩვენ ხელი მოვაწერეთ დამატებით 45 მილიონიან ლარის სესხის მოზიდვას. ეროვნული ბანკის მხრიდან მზაობაა, რომ მუდმივად გვქონდეს ლარის რესურსი განსაზღვრული, რომელმაც საკმაოდ კარგად იმუშავა. ლარიზაცია საკმაოდ კარგად მიმდინარეობს, უბრალოდ ამ შემთხვევაში კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არც ერთთვიანი, არც ერთწლიანი და არც ორ წლიანი პროექტი არ არის. ეს უფრო გრძელვადიანი პროექტია და მთავარია ჩვენ სწორად გვქონდეს რისკები იდენტიფიცირებული და ვმართავდეთ მას. ასევე სწორი ტრენდი გვქონდეს, რომ იმ მაჩვენებელს მივაღწიოთ, სადაც მივდივართ. აქ ზედმეტად აჩქარებაც არ არის კარგი და მთავარია რეალობას არ ავცდეთ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში.