Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ირაკლი ალასანია: ჩემი მთავარი ამოცანა საქართველოში რაც შეიძლება მეტი ამერიკული ინვესტიციის მოზიდვაა

59242bb900d05
ნინო კვინტრაძე
23.05.17 16:29
822
კერძო სექტორში გადასვლის შემდეგ ირაკლი ალასანია საკუთარ საქმიანობაზე პირველ კომენტარს „საქმის კურსთან“ აკეთებს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამჟამად ამერიკული საკონსულტაციო კომპანიის SPConsulting-ის უფროსი პარტნიორია.

ალასანია "საქმის კურსთან“ საუბრისას ამბობს, რომ მისი ძირითადი მიზანი დღეს საქართველოში ამერიკული ინვესტიციების მოზიდვაა. ამასთან, ალასანია ამბობს, რომ შტატებში შესაძლებლობა ამერიკულ პარტნიორებთან ბიზნეს-ურთიერთობების დასამყარებლად იმაზე მეტია, ვიდრე რეალური ქმედებები.

„დღეს ჩემი საქმიანობა დაკავშირებულია იმასთან, რომ რაც შეიძლება გავზარდო ამერიკული ბიზნესის ოპერაციები ევროპისკენ. კომპანია რომელშიც ვმუშაობ დიდწილად ჩართულია ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო ბიზნესში. ის ასევე უწევს კონსულტაციებს ამერიკულ ორგანიზაციებს, რომლებსაც ევროპის ბაზარზე სურთ შესვლა.

მე მგონია, რომ არის სფეროები, რომელიც ჯერ კიდევ ამოწურული არაა და მე ვიტყოდი, რომ სასურველზე ბევრად ნაკლები აქტიურობაა საქართველოსა და კონკრეტულ შტატების ურთიერთობებს შორის. შტატებში არის ძალიან ბევრი შესაძლებლობა ბიზნეს ურთიერთობის დასამყარებლად“, - ამბობს ალასანია.

ამასთან, ალასანია დარწმუნებულია, რომ უახლოეს წლებში შესაძლებელი გახდება ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყება.

"მთავარი ამოცანა ჩემთვის არის ის რომ, რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია შემოვიტანო საქართველოში, მეტი ადამიანი დასაქმდეს და ნელნელა შეიქმნას საშუალო ფენა“, - ამბობს ირაკლი ალასანია. რაც შეეხება ამ კუთხით მთავარ შემაფერხებელ ფაქტორებს, ალასანია, ამბობს, რომ ქვეყანამ ბიზნეს ურთიერთობების დამყარება კონკრეტულ შტატებთან უნდა დაიწყოს.