Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"ბაზარში ნაყიდ იმერულ ყველს არ გაეკაროთ, ქართული რძე მასტიტით და ბრუცელოზით არის სავსე"

58cf9eca8d2b5
სალომე მეცხვარიშვილი
20.03.17 13:18
1317
"ბაზარში ნაყიდ იმერულ ყველს არ გაეკაროთ, ქართული რძე მასტიტით და ბრუცელოზით არის სავსე",- ამის შესახებ "საქმის კურსს" მეყველე ანა მიქაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ეს პრობლემა მისთვის ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ყველის ქარხანა სატესტო რეჟიმში აამუშავა და კერძო ფერმერებისგან რძის ჩაბარება დაიწყო.

"რძე არ გვივარგა, მასტიტით და ბრუცელოზით არის გატენილი ქართული რძე. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა - როგორც ჩანს, მთელი საქართველო არაპასტერიზებულ რძეზე მუშაობს, არ ვაპირებ, ამის გამო გავჩუმდე. ეს აღმოვაჩინეთ მაშინ, როდესაც სატესტო რეჟიმში დავიწყეთ ქარხანაში მუშაობა.

საქმე ისაა, რომ მასტიტიანი (დაავადებული) რძე პასტერიზების დროს იჭრება, ვერ უძლებს პასტერიზებას და გამოუსადეგარი ხდება. მისგან ნორმალურ ყველს ვერ დაამზადებთ. ჩვენ ამ მიზეზის გამო თითქმის 10 ტონა რძის გადასხმა მოგვიწია. სინამდვილეში მაინც ეშმაკობენ, ამ რძისგან ყველს ამზადებენ და ყიდიან“,-აცხადებს ანა მიქაძე.
მისი განცხადებით, ასეთი ყველი ნაწლავის ჩხირებით არის სავსე და ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.

"მასტიტი არის ცურის ანთება, რომელიც აქვს ყველა ძროხას თუ ახალი გაჩენილი ჰყავს ხბო. თუ არ მოუარა ფერმერმა ის მწვავდება. პრობლემა ისაა, რომ მასტიტი ფერმერს არ მიაჩნია არაფრად, არ თვლის, რომ ეს დაავადებაა",- აცხადებს ანა მიქაძე.

მისივე თქმით, იმის გამო, რომ პრობლემა მასშტაბურია სოფლის მეურნეობის მინისტრის სახელზე უკვე დაწერა წერილი და სურს, სახელმწიფოსთან ერთად დაიწყოს კამპანია, რომელიც ქვეყანაში რძეს გააჯანსაღებს.

ანა მიქაძემ თავის პარტნიორებთან ერთად თელეთში ყველის ქარხანა აამუშავა, რომელიც ჯერ სატესტო რეჟიმშია და გაყიდვები არ დაუწყია. ანა მიქაძე ქარხანასთან ერთად "ყველის სახლების" ქსელის მფლობელია და რამდენიმე ათეული სახეობის ქართულ ტრადიციულ ყველს ამზადებს.