Home
Category
TV Live Menu
Loading data...

წყალტუბოს ინვესტორები ხელისუფლებას კურორტის პოპულარიზაციის გააქტიურებას სთხოვენ

571a232dc32b4
BM.GE
22.04.16 17:04
1193
წყალტუბოს ბალნეოლოგიურ-სარეაბილიტაციო ცენტრის ხელმძღვანელი კურორტზე ტურისტების მოსაზიდად წყალტუბოს რეკლამირების აუცილებლობაზე საუბრობს. როგორც ცენტრის Be Healthy-ს დირექტორი ნანა კვიცარიძე "კომერსანტთან" აცხადებს, იმისთვის, რომ წყალტუბო 4-სეზონიანი კურორტი გახდეს, 2 რამაა საჭირო: ქუთაისის აეროპორტში რაც შეიძლება მეტი პირდაპირი რეისები იყოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რათა მომხმარებელს ნაკლები დრო და ფული ეხარჯებოდეს წყალტუბომდე მისასვლელად და მეორე – წყალტუბოს მეტი რეკლამირება მოხდეს სხვადასხვა ქვეყანაში.
 
სარეაბილიტაციო-ბალნეოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კერძო სექტორი პიარის მიმართულებით გარკვეულ ნაბიჯებს დგამს, თუმცა, ეს საკმარისი არ არის და სახელმწიფოს მხრიდან დახმარება კარგი იქნებოდა. მისივე ინფორმაციით, ცენტრმა ზაფხულში საკმაოდ ბევრი დამსვენებელი მიიღო, თუმცა, ზამთარში ტურისტები თითქმის არ იყვნენ.

"ზამთარში არ გავჩერებულვართ. ახლაც იმატებს ნელ-ნელა დამსვენებელი. მარტიდან დაიწყო უკვე მომხმარებლის მატება“,- აცხადებს ნანა კვიცარიძე.

მისი თქმით, დამსვენებლები სხვადასხვა ქვეყნიდან არიან- აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან და ა.შ. როგორც ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, დამსვენებელთა შორის ქართველების წილი მინიმალურია.

"ამის მიზეზი ალბათ ეკონომიკური მდგომარეობაა. არ არის ჩვენთან ძალიან ძვირი ფასები, მაგრამ კომპლექსურად მკურნალობის კურსი ძვირი უჯდებათ“,- აცხადებს Be Healthy-ს დირექტორი.

ბალნეოლოგიურ-სარეაბილიტაციო ცენტრი გასული წლის ივლისში გაიხსნა. ინვესტიციის სახით ცენტრში 5 მილიონი ლარი ჩაიდო.

კურორტის მეტ პოპულარიზაციას სთხოვს ხელისუფლებას წყალტუბოში, სანატორიუმ "ცისკარის" ინვესტორი, შპს "არგოს“ ხელმძღვანელი. ნუგზარ იობიძე აცხადებს, წყალტუბოს ტურისტული პოტენციალით და სამკურნალო გამაჯანსაღებელი სანატორიუმებით ძალიან ბევრი ტურისტი სარგებლობდა, თუმცა, კარგი იქნება თუ ქვეყნის ხელისუფლება უფრო მეტად მოახდენდა რეგიონის რეკლამირებას და მარკეტინგს.

წყალტუბოს არასაკმარისი პოპულარობის შესახებ "კომერსანტმა“ სტატია რამდენიმე თვის წინ გამოაქვეყნა. სტატიაში აღნიშნული იყო, რომ იმ დროს, როდესაც ხელისუფლებას წყალტუბოს მასშტაბური რეაბილიტაცია აქვს გამოცხადებული, კურორტის რეკლამირება საერთოდ არ ხდება.

ტურიზმის ექსპერტი შალვა ალავერდაშვილი "კომერსანტთან" საუბრისას აცხადებდა, რომ წყალტუბოს რეაბილიტაციის შესახებ საქართველოშიც კი არავინ არაფერი იცის.
"ბალნეოლოგიას მცირე რეკლამა უკეთდება. გაკეთდა, მაგრამ ამის შესახებ ვინმემ ხომ უნდა იცოდეს?",-განაცხადა ალავერდაშვილმა.

ზოგადად, შალვა ალავერდაშვილს არაერთხელ უსაუბრია პიარის ნაკლებობაზე ტურიზმის მიმართულებით. მისი შეფასებით, ახლა ქვეყანას ის პრობლემა კი არ აქვს, რომ საქმე არ კეთდება, არამედ პრობლემაა ის, რომ ამის რეკლამირება არ ხდება.

წინა ხელისუფლებას წყალტუბოს „ქართულ ლას–ვეგასად“ ქცევის გეგმა ჰქონდა და ამ მიზნით წყალტუბო სათამაშო ბიზნესისთვის დაუბეგრავ სათამაშო ზონად გამოაცხადა, თუმცა იდეა მხოლოდ იდეად დარჩა.

წყალტუბოს საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს – კურორტზე მდებარე სანატორიუმში სტალინის გარდა, ბერიაც ხშირად ისვენებდა. გასული საუკუნის 50-60-იან წლებში წყალტუბოს სტუმრობდა ეგვიპტის პრეზიდენტის აბდილ ნასერიც.

ასეთი ბიოგრაფია ნებისმიერი კურორტისთვის ტურისტების მოზიდვის ძალიან კარგი საფუძველი იქნებოდა. მით უმეტეს, როდესაც წყალტუბოს სიკეთეები დღემდე ახსოვს დსთ–ს რესპუბლიკების უფროს, შეძლებულ თაობას.

"კომერსანტი"