Home
Category
TV Live Menu
Loading data...

WEG: საქართველოში შეშის მოხმარება ოთხჯერ აღემატება ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ განსაზღვრულ დასაშვებ მოცულობას

5875ed8ab677b
BM.GE
11.01.17 12:27
969
ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებით ირკვეევა, რომ შეშის წლიური მოხმარება საქართველოში დაახლოებით 2,5 მილიონ მ3-ს შეადგენს, რაც ოთხჯერ აღემატება ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ განსაზღვრულ დასაშვებ მოცულობას. სოფლად მცხოვრები მოსახლეობის გათბობა 75%-ით ტყეების უნებართვო ჩეხვა-განადგურების ხარჯზე ხდება.

შეშა საქართველოში წარმოებული მთლიანი ენერგიის 30-35%-ს შეადგენს და მასზე რეგიონების მოსახლეობის 90%-ია დამოკიდებული, თუმცა, ეს რესურსი სახელმწიფო ენერგეტიკულ პოლიტიკაში გათვალისწინებული არ არის.

ორგანიზაციაში, „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ განმარტავენ, რომ სპეციალისტები, ეკოლოგიური პრობლემების გამძაფრებასთან ერთად, ხელმისაწვდომი შეშის მოცულობების მკვეთრ შემცირებასაც პროგნოზირებენ.

„აუცილებელია სასწრაფო სახელმწიფო რეაგირება, იმისათვის, რომ ავიცილოთ ეკოლოგიური კატასტროფა და ენერგეტიკული შიმშილი, რაც რეგიონების მოსახლეობისგან დაცლას გამოიწვევს.

გაზიფიცირება მხოლოდ ნაწილობრივ წყვეტს პრობლემას, ვინაიდან მიუხედავად გაზიფიცირებისა, სოფლის მცირეშემოსავლიანი მოსახლეობა გასათბობად მაინც შეშას იყენებს. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შემუშავებული მეთოდოლოგიით დგინდება, რომ გამოკვლეულ რაიონებში აბონენტების 53% სათბობად გაზს საერთოდ არ იყენებს, ხოლო 10–15% გაზით მხოლოდ ნაწილობრივ თბება.

სათბობად შეშის მასიურმა გამოყენებამ ქვეყანა უკვე დააყენა ეკოლოგიური და ენერგეტიკული კრიზისის წინაშე. მისი გაზით ჩანაცვლება ქვეყნისთვის არახარჯთეფექტური და ნაწილობრივ სახიფათოც იქნება, რადგან ერთი მხრივ გაზრდის იმპორტირებულ გაზზე დამოკიდებულებას, მეორე მხრივ კი საჭირო გახდება ყველა რეგიონის გაზიფიკაცია, რაც გაუმართლებელ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

ამ პირობებში, არსებობს რამდენიმე გზა იმისთვის, რომ გათბობისას იმავე შედეგის მისაღებად შეშის გაცილებით ნაკლები მოცულობა გახდეს საკმარისი, მაგ. სატყეო სამეურნეო ნარჩენების გამოყენება, ეფექტური ღუმელები და შენობების დათბუნება; შეშის დანარჩენი ნაწილი კი შეიძლება ჩანაცვლდეს თანამედროვე ბიოსაწვავით: ბრიკეტებით, პელეტებით, ნაფოტებით”, - განმარტავენ უწყებაში.