Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ ევროტურებზე მოთხოვნა და ფასი გაიზარდა

591c3bda48a51
სალომე მეცხვარიშვილი
19.05.17 11:20
934
ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ ევროტურებზე მოთხოვნა და ფასი გაიზარდა,- ამის შესახებ "საქმის კურსს" ტურისტულმა კომპანიებმა განუცხადეს.

"ჯორჯიან თრეველ გრუპის" ხელმძღვანელი ნატა რუხაძე ამბობს, რომ ევროპის მიმართულებით ტურებზე მოთხოვნა დაახლოებით 50%-ით არის გაზრდილი. პოპულარულია ბარსელონის(50%-იანი ზრდა), იტალიის (30%-იანი ზრდა), საბერძნეთისა და კვიპროსის მიმართულებები. ამასთან, მოთხოვნა გაიზარდა ისეთ მიმართულებებზე, რომლებზეც აქამდე თითქმის არ ფიქსირდებოდა, ასეთ ქვეყნად კი ტურისტული სააგენტოს ხელმძღვანელი ხორვატიას ასახელებს.

"სექტემბრის თვეში დაიწყო ზრდა ხორვატიის მიმართულებით, მანამდე ეს ქვეყანა ძალიან პრობლემური, რამდენადაც ვიზის აღება უკრიანაში ხდებოდა",- აცხადებს ნატა რუხაძე.

მისივე ინფორმაციით, დაახლოებით 30%-ით არის გაზრდილი ფასები ევროპის ზოგიერთ მიმართულებაზე. ნატა რუხაძე ამბობს, რომ ეს, ერთი მხრივ, გაზრდილმა მოთხოვნამ, მეორე მხრივ კი, ზაფხულის სეზონმა განაპირობა.

"მომხმარებლებს მობეზრდათ თურქეთის მიმართულება და ახალ ლოკაციებს ითხოვენ ჩვენგან. თუმცა, ფასებს რომ ვადარებთ, თურქეთი მაინც ყველაზე იაფი გამოდის",- აცხადებს ნატა რუხაძე.

ევროტურებზე მოთხოვნის დაახლოებით 50%-იან ზრდაზე საუბრობს star travel-ის ხელმძღვანელი თათია სუხიტაშვილიც.

მისი თქმით, ზაფხულის პერიოდისთვის ყველაზე აქტიურია იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი და უნგრეთი.

თათია სუხიტაშვილი ამბობს, რომ ფასების ზრდას ორი ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი აქვს, პირველია, ზაფხულის პერიოდი, როდესაც ყოველთვის იზრდება ფასები და მეორე, რამაც ფასების ზრდა განაპირობა, ამ მიმართულებებზე მოთხოვნის გაზრდაა.