Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ვის და როგორ შეუძლია მთის კანონით შეღავათების მიღება - პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე

56b06d04e14ad
BM.GE
02.02.16 12:41
1260
მთის კანონთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტრო მოქალაქეებისთვის ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს აქვეყნებს. 

რა შეღავათებით ისარგებლებს ფიზიკური პირი, რომელიც ცხოვრობს მაღალმთიან რეგიონში?
 
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი სარგებლობს საშემოსავლო გადასახადთან და ქონების გადასახადთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საგადასახადო შეღავათებით.

ა) საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირის მიერ ამავე მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობით კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული 6000 ლარამდე დასაბეგრი შემოსავალი, გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციიდან ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა.

ბ) ასევე, საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები მრავალშვილიანი პირის (რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის სამი ან სამზე მეტი შვილი) მიერ აღნიშნულ მაღალმთიან დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან კალენდარული წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდე.

გ) საშემოსავლო გადასახადი 50 პროცენტით უმცირდება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ ერთ ან ორშვილიან პირს (რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის ერთი ან ორი შვილი), აღნიშნულ მაღალმთიან დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან კალენდარული წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიღებულ 3000 ლარამდე დასაბეგრ შემოსავალზე;

დ) მიწის გადასახადისაგან თავისუფლდება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირის საკუთრებაში არსებული, ამავე მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთი;

ვის შეიძლება მიენიჭოს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი?
ფიზიკურ პირს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი ენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) არის საქართველოს მოქალაქე;
ბ) რეგისტრირებულია მაღალმთიან დასახლებაში;
გ) ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში, ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით, ფაქტობრივად ცხოვრობს მაღალმთიან დასახლებაში.

ვინ ანიჭებს ფიზიკურ პირს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსს?

შესაბამისი მუნიციპალიტეტი. სტატუსის მინიჭების მიზნით ფიზიკურმა პირმა, რომელიც მაღალმთიან დასახლებაშია რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები, - განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს.

ფაქტობრივად ცხოვრება ნიშნავს ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად ყოფნას, რაც დასტურდება შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოებისას მოპოვებული მტკიცებულებების და დადგენილი ფაქტების ერთობლიობით;

მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის შესახებ ინფორმაცია აისახება მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრებ პირთა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

რა საგადასახადო შეღავათებით სარგებლობს მაღალმთიანი დასახლების საწარმო?
მეწარმე სუბიექტი, რომელსაც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვადითა და წესით თავისუფლდება გადასახადებისაგან. იგი ვალდებულია, საქმიანობას ახორციელებდეს მხოლოდ შესაბამისი მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე.

-საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიერ მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობით მიღებული შემოსავალი – შესაბამისი სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში სტატუსის მინიჭების კალენდარული წლის ჩათვლით.

ასევე, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს მიერ ამავე მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობით მიღებული მოგება თავისუფლდება მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან შესაბამისი სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში, სტატუსის მინიჭების კალენდარული წლის ჩათვლით.

-ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება მაღალმთიანი დასახლების საწარმოს საკუთრებაში არსებული, ამავე მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე მდებარე ქონება – შესაბამისი სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში, სტატუსის მინიჭების კალენდარული წლის ჩათვლით.

ვინ ანიჭებს საწარმოს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსს?
მეწარმე სუბიექტი (საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საწარმო/მეწარმე ფიზიკური პირი) მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მისაღებად განცხადებით (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით) მიმართავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს.

- განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა) პირის სარეგისტრაციო მონაცემებს (საიდენტიფიკაციო ნომერი, სახელწოდება, მისამართი);
ბ) საქმიანობის მოკლე აღწერას (მათ შორის, საქმიანობის სახე და განხორციელების ადგილი).

საჭიროების შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, განმცხადებელს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია. - შემოსავლების სამსახური განცხადებას, მიღებიდან არაუგვიანეს 60 დღის ვადაში, თანდართულ მასალებთან ერთად წარუდგენს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს მთავრობის სხდომაზე განხილვის მიზნით;

- შემოსავლების სამსახური სამინისტროს არ წარუდგენს განცხადებას, და ამის თაობაზე წერილობით აცნობებს გადამხდელს, თუ: ა) მეწარმე სუბიექტი არ აკმაყოფილებს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს; ბ) მეწარმე სუბიექტის მიერ არ იქნა აღმოფხვრილი ხარვეზი დადგენილ ვადაში.

- მეწარმე სუბიექტისათვის მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების შესახებ საქართველოს მთავრობა გამოსცემს განკარგულებას. სტატუსი მინიჭებულად ჩაითვლება სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების კალენდარული წლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული კალენდარული წლის) დასაწყისიდან.

- მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე პირთა რეესტრს აწარმოებს შემოსავლების სამსახური.

რა შემთხვევაში მიენიჭება საწარმოს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი?

მეწარმე სუბიექტს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭება თუ იგი ახორციელებს საქონლის გადამუშავება და მიწოდება. ასევე, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს აღნიშნული ეკონომიკური საქმიანობის ის სახეები, რომლებზედაც აგრეთვე გავრცელდება საგადასახადო შეღავათი.

საბოლოოა თუ არა მაღალმთიანი დასახლებების ნუსხა?

მაღალმთიანი დასახლებების ნუსხის გადახედვას მთის განვითარების ეროვნული საბჭო 2016 წლის 1 აპრილამდე გეგმავს.