Home
Category
TV Live Menu
Loading data...

უცხოელი მოქალაქეებისთვის ბიზნესის რეგისტრაციის ახალი სერვისი ამოქმედდა

56d690331c9fd
BM.GE
02.03.16 11:01
1084
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სასაქართველოში ბიზნესის რეგისტრაციის მსურველ უცხოელ მოქალაქეებს ახალ სერვისს სთავაზობს. საჯარო რეესტრის ვებგვერდზე www.napr.gov.ge, ბიზნესის რეესტრის დოკუმენტების ჩამონათვალს ქართულ-ინგლისურენოვანი წესდების ნიმუში დაემატა, რაც ბიზნესის რეგისტრაციის მსურველ უცხოელს საშუალებას აძლევს ქართულ-ინგლისურენოვანი წესდება მარტივად მიიღოს, შესაბამისი ველები შეავსოს და სარეგისტრაციოდ საჯარო რეესტრში წარადგინოს.
 
როგორც საჯარო რეესტრში განმარტავენ, უცხოელი მოქალაქეები საჯარო რეესტრს ბიზნესის რეგისტრაციის მოთხოვნით ხშირად მიმართავდნენ, თუმცა ქართული ენის არცოდნის გამო, ამ დრომდე მათ წესდების თარგმნა უწევდათ, რაც დამატებით დროსთან ერთად მატერიალურ ხარჯებთანაც იყო დაკავშირებული. "სერვისის დანერგვის შემდეგ უცხოელ მოქალაქეებს ამ თანხის გადახდა აღარ მოუწევთ. ამას გარდა, ქართული ენის არცოდნა ან არასწორი თარგმანი ხშირად წესდების ხარვეზით შედგენას და პროცესის გაჭიანურებას იწვევდა. ახალი სერვისი ამგვარ შემთხვევებსაც მინიმუმამდე დაიყვანს, სარეგისტრაციო პროცედურას კი უცხოელი მოქალაქეებისთვის კიდევ უფრო მარტივს, სწრაფსა და კომფორტულს გახდის", - აცხადებენ უწყებაში.

ამჟამად ვებგვერდზე ქართულ-ინგლისურენოვანი წესდება მხოლოდ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (შპს) სამართლებრივი ფორმის სუბიექტებისთვისაა განთავსებული. უახლოეს მომავალში საჯარო რეესტრის ვებგვერდზე სხვა სამართლებრივი ფორმებისთვის განკუთვნილი წესდებების ინგლისურენოვანი ვერსიებიც განთავსდება.