Home
Category
TV Live Menu
Loading data...

თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხნის შენებლობა გაზაფხულის ბოლოს დაიწყება

570665ca33897
BM.GE
07.04.16 17:47
1253
სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხნის პროექტთან დაკავშირებით საპარტნიორო ფონდში სამუშაო შეხვედრა გამართა ისრაელის კომპანია Elbit Systems - Cyclone Ltd.-ის დელეგაციის წევრებმა, კომპანიის დირექტორის დევიდ ვიდანის ხელმძღვანელობით. სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხნის პროექტის მიმდინარეობის პროცესი, კერძოდ მშენებლობასთან და მაღალტექნოლოგიური დანადგარების შეკვეთასთან დაკავშირებულისაკითხები. ასევე განხილულ იქნა პროექტში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ჩართვის შესაძლებლობა.
 
საპარტნიორო ფონდის ცნობით, ქარხნის მშენებლობის დაწყება გაზაფხულის ბოლოს იგეგმება. ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს საბოლოო სამშენებლო ნებართვის მიღებასთან დაკავშირებული პროცედურები, ზუსტდება ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხები, მათ შორის კომუნალური სერვისების მიმწოდებელ კომპანიებთან და თბილისის მერიასთან.

"გადამწყვეტ ფაზაშია შესული ქარხნის აღჭურვილობის დამამზადებელი კომპანიების შერჩევისა და მათთან კონტრაქტების გაფორმების პროცედურები. პროექტის მართვის მიზნით, საპარტნიორო ფონდის და Elbit Systems - Cyclone-ის მიერ ერთობლივად დაფუძნებულმა JSC Aerostructure Technologies Cylone-მა (ATC) წარმოადგინა გეგმა, რომლის თანახმად კომპანიას დაწყებული აქვს სპეციალისტების შერჩევის პროცესი, რომელთა ნაწილი ტრენინგს ისრაელში გაივლის. ქარხანაში დასაქმდება 300-მდე სპეციალისტი, მათ შორის ქარხნის გაშვების მომენტისთვის გადამზადებული და დასაქმებული იქნება 60 კადრი“, - განმარტავენ საპარტნიორო ფონდში.

საპარტნიორო ფონდმა ისრაელის კომპანია Elbit Systems - Cyclone -თან ერთად სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობას საფუძველი 2015 წლის სექტემბერში ჩაუყარა. საწარმოში შექმნილი პროდუქციის მომხმარებლები იქნებიან ავიაციის ინდუსტრიის ისეთი მსხვილი მოთამაშეები, როგორც Boeing, Airbus, Bombardier და სხვები. საწარმოში წარმოებული პროდუქციის 100% ექსპორტზე იქნება ორიენტირებული.