Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ტრანსპორტში ახალი გადახდის სისტემების მონტაჟი წლის ბოლომდე დასრულდება

5a828e9b712d9
მაია ბიწაძე
13.02.18 11:03
690
თანამედროვე გადახდის სისტემების მონტაჟი თბილისის მუნიციპალურ ტრანსპორტში წლის ბოლომდე დასრულდება, ამის შესახებ Bm.ge-ს "საქართველოს ბანკში“ განუცხადეს. სამუშაოებს "საქართველოს ბანკის" ქვეკონტრაქტორი კომპანია შპს "მეტროსერვის +" ახორციელებს, რაშიც ბანკი 22,2 მილიონი ლარის ინვესტიციას დებს.

"ავტობუსების მართვისა და დისპეჩერიზაციის ახალი ტექნოლოგიით აღჭურვის პროცესი 2018 წლის ბოლოს დასრულდება და მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება მგზავრობის საფასური ყველა ტიპის ქართული საბანკო და VISA და MasterCard უცხოური ბარათებით გადაიხადოს.

ბანკი, ასევე, განახორციელებს ავტობუსების მართვისა და დისპეჩერიზაციის ახალი ტექნოლოგიური პროგრამის დანერგვას და ავტობუსებისა და დისპეჩერიზაციის ცენტრის შესაბამისი მოწყობილობებით აღჭურვას.

ამასთან, საქართველოს ბანკი ინარჩუნებს ექსკლუზიურ უფლებას თბილისის მეტროს სადგურებში განთავსებული ჰქონდეს ფილიალები, რომელთა რაოდენობა დღეს 23-ია.

ზემოთ აღნიშნულ სამუშაოებს "მეტრო სერვის +" განახორციელებს, რომელიც 2006 წელს დაფუძნდა და უკვე 11 წელია თბილისის მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზვრობის საფასურის მოკრების და ადმინისტრირების სფეროში ოპერირებს, შესაბამისად აქვს დიდი გამოცდილება ამ სფეროში, ეს კომპანია ქვეკონტრაქტორად სწორედ ამ გამოცდილების გათალისწინებით შევარჩიეთ “ - განუცხადეს Bm.ge-ს ,,საქართველოს ბანკში“.

"საქართველოს ბანკმა", თბილისის მერიის მიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემის მოდერნიზაციისთვის გამოცხადებულ აუქციონში გასულ წელს გაიმარჯვა. შედეგად, მომავალი 10 წლის განმავლობაში თბილისის მეტროში, ავტობუსებსა და საბაგიროებში მგზავრობის საფასურის ბარათებით გადახდას საქართველოს ბანკი უზრუნველყოფს.