Home
Category
TV Live Menu
Loading data...

თევზის სხვადასხვა სახეობის მოპოვებისთვის ახალი მოსაკრებლები დადგინდება

58f60d0f6f1f2
დავით ჯალაღონია
18.04.17 17:00
1482
თევზის სხვადასხვა სახეობის მოპოვებისთვის ახალი მოსაკრებლები დადგინდება. განაკვეთები, რომელსაც "ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, მოქმედისგან განსხვავებით, რიგ შემთხვევაში იზრდება, რიგ შემთხვევაში - მცირდება.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში, რომლის ავტორი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროა, წერია, რომ მოქმედი კანონი არ ითვალისწინებს თევზის ყველა იმ სახეობას, რომლის მოპოვებაც შესაძლებელია სამრეწველო მიზნებისთვის, რითაც სახელმწიფო მოკლებულია შესაძლებლობას, განახორციელოს მათი სალიცენზიო განკარგვა და შესაბამისად, გაზარდოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი. გარდა ამისა, ავტორების განმარტებით, მოქმედი კანონით გათვალისწინებული მოსაკრებლების ოდენობები არ შეესაბამება ცხოველთა სამყაროს ობიექტების კონკრეტული სახეობების საბაზრო ღირებულებებს.

კანონპროექტი ითვალისწინებს ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოქმედი კანონისაგან განსხვავებულ დაჯგუფებას. კანონის მოქმედ რედაქციაში წარმოდგენილია ცხოველთა სამყაროს ობიექტების 23 ჯგუფი, ხოლო კანონპროექტით დგინდება სულ 15 ჯგუფი.

რაც შეეხება მოსაკრებლების ოდენობას, ეს თევზის სახეობების მიხედვით განსხვავებულია.

"მაგალითად, მოქმედი ნორმით, თევზის სახეობების - სკუმბრია, სარდინი, სტავრიდა, მერლანგი, წერი (ქარიყლაპია) და სიგისებრთა სახეობების მოპოვებისთვის განსაზღვრული მოსაკრებელი (10, 15, 20 ლარი) ნაკლებია ქაფშიისთვის განსაზღვრულ მოსაკრებელზე (25 ლარი), მაშინ როდესაც, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე ამ თევზების ღირებულება გაცილებით მაღალია ქაფშიის ღირებულებაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, კანონპროექტით დგინდება ადეკვატური მოსაკრებლები თევზების ამ სახეობების მოპოვებისთვის, კერძოდ, სკუმბრიასთვის მოსაკრებლის განაკვეთი, 20 ლარის ნაცვლად, განისაზღვრება 65 ლარით; სარდინისთვის - 20 ლარის ნაცვლად 25 ლარით; სტავრიდისთვის - 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით; მერლანგისთვის - 15 ლარის ნაცვლად 45 ლარით; ქარიყლაპიასთვის, რომლისთვისაც მოსაკრებლის განაკვეთი ერთ ტონაზე შეადგენდა 10 ლარს, მოსაკრებელი დგინდება 65 ლარის ოდენობით“, - ნათქვამია დოკუმენტის განმარტებითი ბარათში.

გარდა ამისა, მოსაკრებლის განაკვეთებში, თითოეული ჯგუფისთვის გათვალისწინებულია სახეობების სასარგებლო მახასიათებლები, საბაზრო ღირებულება, ერთგვაროვნება ჯგუფის სხვა სახეობების მიმართ და ა.შ.

"მაგალითად, თევზის სახეობა ციმორი, კანონის მოქმედი რედაქციით, მე-14 ჯგუფის "ა" ქვეჯგუფშია წარმოდგენილი ისეთ სახეობებთან ერთად, როგორიცაა კეფალი, წვერა, მურწა და მოსაკრებელი განსაზღვრულია 1 ტონაზე 120 ლარით. თუმცა, საქართველოში გავრცელებული ციმორი ჯუჯა ზომის, არაკომერციული, სარეველა თევზია და აღნიშნულის გათვალისწინებით, მასზე დადგენილი მოსაკრებელი არაპროპორციულად აღემატება, მაგალითად, ქაფშიისთვის დადგენილი მოსაკრებლის განაკვეთს. შესაბამისად, ეს სახეობა, კანონპროექტით, მე-12 ჯგუფშია გათვალისწინებული და მისთვის მოსაკრებლის ოდენობა ერთ ტონაზე, ნაცვლად 120 ლარისა, განისაზღვრება 10 ლარით", - წერია კანონპროექტში.

ასევე, კანონპროექტით განისაზღვრება საქართველოს "წითელი ნუსხაში" შეტანილი "თევზის სხვა სახეობების" მოპოვებისთვის საერთო მოსაკრებელი - 250 ლარის ოდენობით, თუმცა საქართველოს "წითელი ნუსხაში" შეტანილი ცალკეული სახეობებისათვის კანონპროექტით დგინდება ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის განსხვავებული განაკვეთი.

"ვინაიდან საქართველოს "წითელ ნუსხაში" შეტანილი თევზების სახეობებიდან ყველაზე მაღალი კომერციული ღირებულება გააჩნია მდინარის/ტბის კალმახს, შავი ზღვის ორაგულსა და ზუთხისებრთა წარმომადგენლებს, პროექტით, აღნიშნული სახეობებით სარგებლობისთვის დგინდება განსხვავებული ოდენობის მოსაკრებელი, რაც მნიშვნელოვნად აღემატება "წითელი ნუსხაში" შეტანილი სხვა ობიექტებისთვის დადგენილი „საერთო მოსაკრებლის“ ოდენობას. აქედან გამომდინარე, კანონპროექტით მდინარის, ტბის კალმახზე მოსაკრებელი განისაზღვრება 1500 ლარით, შავი ზღვის ორაგულზე - 3000 ლარით, ხოლო ზუთხისებრთა წარმომადგენლებზე - 5000 ლარით", - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

აღნიშნული კანონპროექტი მთავრობამ განსახილველად პარლამენტში უკვე გადააგზავნა.