Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ტექნოლოგია და პერსონალური მონაცემები - როგორ "კითხულობს თქვენს აზრებს" facebook-რეკლამა?

59b2d541b2173
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთა აპარატი
09.09.17 11:00
1416
ერთ კვირაში თქვენი დის დაბადების დღეა და თითქოს დამთხვევააო, თქვენი ფეისბუქის ნიუსფიდში ახლომდებარე სამკაულების მაღაზიის რეკლამა ჩნდება, რომელიც ქალის ნივთებზე ფასდაკლებას გთავაზობთ. ქორწინების იუბილე ახლოვდება, თქვენს მეუღლეს ძალიან უნდა ახალი ტელეფონი და „სრულიად შემთხვევით“ ფეისბუქი ტექნიკის მაღაზიების შემოთავაზებებს გაჩვენებთ. ცოტა ხნის წინ სამსახური შეიცვალეთ და თქვენი ოფისი სახლიდან შორს მდებარეობს. თითქოს დაბარებულივით, ეკრანზე უფრო და უფრო ხშირად ჩნდება ტაქსის კომპანიების რეკლამები. ისღა დაგრჩენიათ, დაიჯეროთ, რომ ვიღაც თქვენს აზრებს კითხულობს.

სინამდვილეში, საქმე ისაა, რომ ინფორმაციას ფეისბუქს საკუთარი ხელით აძლევთ. თუ კარგად დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ ფეისბუქზე და ოჯახის წევრად გყავთ მითითებული, მას კი, თავის მხრივ, საცხოვრებელი ადგილიც დაკონკრეტებული აქვს და საკუთარი დაბადების დღის თარიღიც. ქორწინების თარიღი თავად არ შეიყვანეთ საკუთარი პროფილის რედაქტირებისას? თქვენი მეუღლე კი ამ ბოლო დროს სულ უფრო მეტ დროს ატარებს ტექნიკის მაღაზიების გვერდებზე და აზიარებს სტატიებს მობილური ტელეფონების უახლესი მოდელების შესახებ. ახალ სამსახურზეც საკუთარი სურვილით მიაწოდეთ ინფორმაცია, როცა Life event შექმენით და საცხოვრებელ ადგილზეც, როცა საკუთარ მისამართზე და-check in-დით სტატუსით: „Home Sweet Home “.

ერთი სიტყვით, ფეისბუქი თქვენს პერსონალურ მონაცემებს რეკლამის სწორად შესარჩევად იყენებს და ამას არც მალავს. „ჩვენ გვინდა, რომ რეკლამები, რომლებსაც ფეისბუქის მომხმარებლები ხედავენ, გამოსადეგი და შესაბამისი იყოს“ - ამბობს კომპანიის პრესსპიკერი. იმისთვის კი, რომ რეკლამები თქვენს გემოვნებას და სურვილებს შეესაბამებოდეს, ფეისბუქს არაერთი სხვადასხვა გზა აქვს შერჩეული:აანალიზებს თქვენს ონლაინ აქტივობას: (გვერდები, რომლებსაც იწონებთ (Like), რეკლამები, რომლებსაც ნახულობთ);
აკვირდება თქვენს ტელეფონს და კომპიუტერს: (რა ბრენდს იყენებთ, რომელი ტიპის ინტერნეტს ანიჭებთ უპირატესობას, ტელეფონიდან უფრო ხშირად შედიხართ ინტერნეტში თუ პლანშეტიდან ან კომპიუტერიდან);

აანალიზებს თქვენს და თქვენთან დაკავშირებული ადამიანების მონაცემებსა და გემოვნებას (ვინ არიან თქვენი მეგობრები, ოჯახის წევრები, ადამიანები, რომლებთანაც ყველაზე ხშირად გაქვთ კომუნიკაცია, რა ონლაინ გემოვნება აქვთ მათ);

აანალიზებს თქვენს ქცევას (სად მუშაობთ, სად აკეთებთ check-in-ს, რა ტიპის სტატიებს კითხულობთ და აზიარებთ).

და ეს ყველაფერი არ არის: რეკლამის აუდიტორიის გათვლისას ფეისბუქი პარტნიორებს იმ მონაცემების გამოყენებასაც სთავაზობს, რომლებსაც Experian, Acxiom და Epsilon-ის მსგავსი კომპანიები აგროვებენ. ისინი მომხმარებლების პორტრეტებს წლების განმავლობაში ქმნიან ისეთ მონაცემებზე დაყრდნობით, როგორიცაა პირის მიერ გამოწერილი ჟურნალები, ამა თუ იმ კომპანიის მომხმარებლის ბარათები, გამოკითხვების, თუ კონკურსების შედეგები და ა.შ.

ერთად თავმოყრილი მთელი ეს ინფორმაცია მომხმარებლის ფაქტობრივად სრულყოფილ ციფრულ პორტრეტს იძლევა. ამიტომ არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ ფეისბუქს თქვენი „აზრების კითხვა“ კარგად გამოსდის.