Home
Category
TV Live Menu
Loading data...

თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა წელს დაიწყება

591e86e4ecab4
დავით ჯალაღონია
19.05.17 09:44
957
თბილისის შემოვლითი რკინიგზის განხორციელების ერთ-ერთ პროექტზე არჩევანს მთავრობა მაისის ბოლომდე გააკეთებს, მშენებლობას კი წელს გააგრძელებს. ამის შესახებ "საქმის კურსს“ "საქართველოს რკინიგზის" კორპორატიული მართვის დეპარტამენტის უფროსმა აკაკი საღირაშვილმა განუცხადა.

მისი განმარტბით, ყველანაირი წინასწარი სამუშაო პროექტის გაუმჯობესებისთვის დასრულებულია და მთავრობა საბოლოო გადაწყვეტილებას "საქართველოს რკინიგზასა" და თბილისის მერიასთან ერთად მიიღებს. ამისთვის კი ორი ვარიანტი განიხილება, თუმცა კონკრეტულად რას ითვალისწინებს თითოეული მათგანი, ამის შესახებ აკაკი საღირაშვილი ჯერ-ჯერობით არ საუბრობს.

"ჩვენ მოვამზადეთ პროექტის გაუმჯობესების რამდენიმე ალტერნატივა და მთავრობას და მერიას წარვუდგინეთ. განხილვების შემდეგ ორი ძირითადი სცენარი შეირჩა. მაისის ბოლოს საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ. ახლა ტექნიკური დეტალების დამუშავების პროცესი მიმდინარეობს“, - განაცხადა საღირაშვილმა და დასძინა, რომ „ეს იქნება გაცილებით უკეთესი და მომგებიანი პროექტი, როგორც რკინიგზისთვის, ისე დედაქალაქისთვის".

ამასთან, როგორც „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენელი განმარტავს, განახლებულ პროექტში ტექნიკური პარამეტრები შეცვლილი იქნება.

"პროექტს პრობლემები ჰქონდა, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება ჩატარებული არ იყო, რამაც იმ რეალობის წინ დაგვაყენა, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში ჩვენ 25%-ით რკინიგზის გამტარუნარიანობას ვამცირებდით, ასევე 57%-ით ვაუარესებდით მოვლა-შენახვისა და ოპერირების მაჩვენებლებს, რაც ცხადია, არ მოდის თანხვედრაში არცერთ ინფრასტრუქურულ პროექტთან“, - განაცხადა აკაკი საღირაშვილმა.

რაც შეეხება პროექტის დასრულებისთვის საჭირო ხარჯებს, საღირაშვილის ინფორმაციით, ეს 90 მილიონ დოლარს არ გადააჭარბებს. ამ თანხას კი რკინიგზა ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული ევროობლიგაციების დახმარებით დაფარავს, რომელიც საერთო ჯამში, 500 მილიონ დოლარს შეადგენს და გარდა შემოვლითი რკინიგზისა, ქვეყანაში სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციისთვისაც არის გათვალისწინებული.

"მოგეხსენებათ, ინვესტიციის გაზრდის საშუალება ჩვენს ქვეყანაში ასე მარტივი არ არის, ანუ არსებული ინვესტიციით, დაახლოებით იმავე ფარგლებში უნდა მიიღო გაუმჯობესებული პროექტი. ეს ძალიან რთულია გასაკეთებლად, მაგრამ არარეალური არ არის და ჩვენ ეს გზა მოვნახეთ. საერთო ჯამში, ჩვენ არ გავცდებით არსებული პროექტის ხარჯებს", - განაცხადა საღირაშვილმა.

კითხვაზე, როდის გაგრძელდება შემოვლითი რკინიგზის სამშენებლო სამუშაოები, აკაკი საღირაშვილმა პასუხად განაცხადა, რომ პროექტირების დასრულება, ისევე როგორც სამშენებლო სამუშაოები წელს იგეგმება.

ამასთან, "საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, განსახლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული გამოსყიდვის პროცედურები, რაც შემოვლითი ხაზის მშენებლობის არეალში მოქცეულ მოსახლეობის კუთვნილ ტერიტორიებს შეეხებოდა, დასრულებულია.

"განახლებული პროექტის ფარგლებში რაიმე მნიშვნელოვან გამოსყიდვებს არცერთი სცენარი ითვალისწინებს", - აღნიშნა საღირაშვილმა.

საერთო ჯამში, თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით, 300 მილიონი დოლარია, საიდანაც 210 მილიონამდე უკვე დაიხარჯა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 აგვისტოს განკარგულების მიხედვით, პროექტის განხორციელების ფორმაზე საბოლოო გადაწყვეტილება „საქართველოს რკინიგზას“ განკარგულების ძალაში შესვლიდან ოთხ თვეში, მაქსიმუმ 2016 წლის 9 დეკემბერს უნდა მიეღო, თუმცა ხელისუფლებამ პროექტის განხორციელების ფორმაზე გადაწყვეტილების მისაღებად აღნიშნული ვადები ვერ გამოიყენა. როგორც „საქმის კურსისთვის“ ცნობილია, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ჯგუფი მთავრობას თბილისის ცენტრალური ნაწილიდან რკინიგზის როგორც სატვირთო, ისე სამგზავრო ნაწილის გადატანას ურჩევს.