Home
Category
TV Live Menu
Loading data...

თბილისი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტურისტულ ობიექტს დაკარგავს

no photo
BM.GE
18.02.16 10:44
1557
გაზრდილი წყლის გადასახადის გამო, თბილისი შესაძლოა მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტის, ისტორიული გოგირდის აბანოების გარეშე დარჩეს. აბანოების შესაძლო დახურვასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება მეპატრონეებმა გააკეთეს.  მიზეზად მათ ''ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის'' ახალი სატარიფო სისტემა დაასახელეს, რომელიც კომპანიამ 2015 წლიდან აამოქმედა. 

შპს "ნარიყალას" დირექტორი, ნოდარ ტოტოღაშვილი "საქმიანი დილასთან" საუბრისას აცხადებს, რომ GWP-სა და სემეკის ხელმძღვანელებთან შეხვედრების მიუხედავად, საკითხი ვერ მოგვარდა და ამიტომ თხოვნით ამჯერად პრემიერმინისტრს მიმართავენ.

"პრობლემის წინაშე 2015 წლის თებერვალში დავადექით, როდესაც GWP-მ დაგვიწესა გადასახადზე 90 თეთრი, რომელიც მთლიანობაში აბანოსთვის 10 000 ლარს შეადგენს. მანამდე "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ძველ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკების საფუძველზე ფიქსირებულად 700 ლარს ვიხდიდი. ამ ხნის განმავლობაში გავაკეთეთ განცხადებები, მივმართეთ ყველ სამინისტრო უწყებას, პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს და ა.შ. მაგრამ არანაირი შედეგი ამას არ მოჰყოლია. ოფიციალური წერილის მიღების შემდეგ, სექტემბერ-ოქტომბერში მოლაპარაკება კიდევ ერთხელ ვცადეთ, მაგრამ ისევ უშედეგოდ. დოკუმენტაციაში წერია, რომ დადგენილია 71,6 თეთრი, რომელსაც ემატება დღგ.

გოგირდის წყლები ვულკანური წარმონაქმნია, რომელიც 2500 მეტრიდან ამოდის, თბილისში აბანოთუბანში სულ 6 აბანოა და ხომ შეიძლება რაღაც შეღავათი დაგვიწესონ. ჯერჯერობით დღემდე ვმუშაობთ და ძველ დაწესებულ ტარიფს ვიხდით. ყველანაირად ვეცადეთ მოლაპარაკება შემდგარიყო. 

ენერგეტიკის სამინისტროს წინაშე ანგარიშვალდებულები ვართ და ყოველთვიურად ინფორმაციას ვაწვდით, ეს არის წყლის დებეტი, ტემპერატურა, ქიმიურ-ბიოლოგიურ ანალიზებს ვაკეთებთ. ჩვენს აბანოებში საერო განყოფილებებიც არის და უკიდურესად გაჭირვებული ადამიანები მოდიან. ჩვენ პენსიონერთა კავშირს, სამამულო ომოს ვეტერანებს და ა.შ. უფასოდ ვემსახურებით. მომხმარებლები გასათბობად და სამკურნალოდ მოდიან. იმედი მაქვს ახალი პრემიერმინისტრის, რომელსაც მივმართავ. გოგირდის აბანოები ისეთი თემაა, რომლსაც ყველანაირად უნდა შეუწყო ხელი. ყველა აბანოს პოზიცია ერთია, რომ მოვილაპარაკოთ ამ საკითხზე, რადგან ეს ტარიფი, რასაც ამ შემთხვევაში გვიწესებენ არარეალურია, შეუძლებელია ჩვენ ამ არაგონივრული ტარიფის გადახდა შევძლოთ", - განაცხადა ვაჟა ტოტოღაშვილმა.