Home
Category
TV Live Menu
Loading data...

თბილისის განახლებული "უნივერმაღი", - "გალერია თბილისი" მომავალ წელს გაიხსნება

56bc655f1c9e8
BM.GE
11.02.16 14:37
1876
თანაინვესტირების ფონდმა, უძრავი ქონებისა და ტურიზმის მიმართულებით მორიგი საინვესტიციო პროექტის "გალერია თბილისის" ოფიციალური პრეზენტაცია გამართა. პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს რუსთაველის გამზირზე ყოფილი უნივერმაღის შენობის ადგილას მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრის განთავსებას, წარადგინეს საქართველოს თანაინვესტირების ფონდის და "გალერია თბილისის" ექსკლუზიური ბროკერის "Colliers International Georgia" ხელმძღვანელმა პირებმა.
 
"გალერია თბილისის" ჯამური სავაჭრო ფართი 22, 000 მ²-ს შეადგენს. ერთ დიდ სივრცეში ინტეგრირებული იქნება საცალო ვაჭრობისთვის განკუთვნილი 5 სართული და საკვები ზონა. სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილი იქნება საშუალო და საშუალოზე მაღალი დონის ადგილობრივი და საერთაშორისო, მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ნაზავი. საკვები ზონა განთავსდება სავაჭრო ცენტრის ბოლო სართულზე, სადაც განთავსდება რესტორნები, კაფეები და სწრაფი კვების ობიექტები. სავაჭრი ცენტრის ბოლო სართულზე ასევე მოეწყობა ღია სივრცე, ვერანდა.

შენობის სამხრეთ ნაწილში მოეწყობა 308 ავტომანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომი.

რაც შეეხება "გალერია თბილისის" არქიტექტურულ დიზაინს, იგი ეკუთვნის ცნობილ ებრაულ კომპანიას, Moshe Tzur Architects, რომელსაც ევროპის დედაქალაქებში მარავლი წარმატებული არქიტექტურულ-დიზაინერული პროექტი აქვს განხორციელებული.

2016 წლისთვის დაგეგმილია მოსაზიდი რითეილერების 80%-თან თანამშორმლობის ოფიციალურად გაფორმება. სწორედ ამ მიზნით პროექტის მმართველ კომპანიასა და უძრავი ქონების მართვის საერთაშორისო კომპანია Colliers International Georgia- ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც კოლიერსი გახდა "გალერია თბილისის" ექსკლუზიური ბროკერი. კოლიერსთან თანამშრომლობით 2015 წლის ნოემბერში მოხდა "გალერია თბილისის" პირველი წარდგენა საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე ქ. კანში, უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე, MAPIC 2015, სადაც პროექტმა დიდი მოწონება დაიმსახურა.

საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა უნივერმაღის შენობა 2015 წლის აპრილში შეიძინა ჰოლანდიური კომპანიისგან Doryphore Investment B.V.

"ამ ეტაპზე ვიწყებთ აქტიური სამშენებლო სამუშაოების ფაზას. გვეამაყება, რომ სწორედ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ჩართულობით დედაქალაქის მთავარი პროსპექტის ეს ნაწილი გაცოცხლდება და აღიდგენს მის ისტორიულ, ტრადიციულ დანიშნულებას. პროექტში ინვესტიციას 100%-ით ახორციელებს ფონდი და მისი ჯამური საინვესტიციო მოცულობა $77 მლნ ამერიკულ დოლარს უტოლდება. ეს იქნება თბილისში საუკეთესო ადგილმდებარეობის მქონე მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი. "გალერია თბილისის" პროექტი უნიკალურია იმითაც, რომ მის შენობაში ინტეგრირებული იქნება "თავისუფალი" და "ალ. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატული" თეატრები. ეს გარემოება ცენტრს კულტურულ დატვირთვასაც შესძენს. "გალერია თბილისის" პროექტის ფარგლებში წინამოსამზადებელი სამშენებლო სამუშაოები 2015 წლის ზაფხულში დაიწყო. ამ ეტაპზე, პროექტი უკვე შევიდა აქტიური სამშენებლო სამუშაოების ფაზაში".

პრეზენტაციაზე გამოცხადდა ტენდერში გამარჯვებული ქართული სამშენებლო კომპანია "ანაგი".