Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

სოლომონ მენაბდიშვილი: არსებობს ეჭვი, რომ სახელმწიფომ კონკურენციის კანონის ნორმები დაარღვია

57039f2eaa1d8
BM.GE
05.04.16 15:15
1189
ფარმაცევტული ბაზრის შესწავლის მოთხოვნით, კონკურენციის სააგენტოს "კონკურენციის სამართლისა და მომხმარებლის დაცვის ცენტრმა“ მიმართა, თუმცა სააგენტომ მოთხოვნა გონივრულად არ მიიჩნია და არ დააკმაყოფილა. ცენტრის ხელმძღვანელი, სოლომონ მენაბდიშვილი ამბობს რომ კონკურენციის სააგენტოს ახალი წერილით კვლავ მიმართა და ამჯერად წერილში ყურადღება "ჰუმანითი ჯორჯიას" ფაქტორზეც გაამახვილა.

- ბატონო სოლომონ, როგორ აპირებთ რომ მოითხოვოთ "ჰუმანითი ჯორჯიას" შესწავლა?

- ორი კვირის წინ მივმართე წერილობით საპარტნიორო ფონდს და ვთხოვე, რომ მოეწოდებინათ დეტალური ინფორმაცია თუ რის საფუძველზე მისცეს ფინანსური დახმარება "ჰუმანითი ჯორჯიას“ და ასევე აღეწერათ რა თანხა გადაეცათ და რა პირობებით გადაეცა. გასულ წელს დაარსდა „ჰუმანითი ჯორჯია“ და დიდი ეჭვი არსებობს, რომ სახელმწიფომ კონკურენციის კანონის ნორმები დაარღვია, რომელიც უშუალოდ ეხება სახელმწიფოს დახმარებას. სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი ფინანსური თუ არაფინანსური დახმარება კერძო კომპანიების მიმართ წარმოშობს ბაზარზე არაკონკურენტულ გარემოს და შესაბამისად ამის უფლება საპარტნიორო ფონდს, როგორც სახელმწიფო ორგანიზაციას, ჩემი აზრით არ ქონდა. შესაბამისად, ველოდები და რამდენიმე დღეში უკვე სააგენტოს მივმართავ მოთხოვნით, რომ შეისწავლოს ეს ბაზარი, ვინაიდან მე არ მქონდა საშუალება დეტალურად გავცნობოდი ამ დახმარების მიზანს და შინაარსს. ჩემი აზრით, კონკურენციის სააგენტოს თვითონვე უნდა დაეწყო მოკვლევის პროცედურა. სააგენტოს აქვს უფლება თვითონაც დაიწყოს მოკვლევა.

- თქვენი ზრით, რა ქმნიდა იმის საფუძველს, რომ კონკურენციის სააგენტო თვითონ დაინტერესებულიყო "ჰუმანითი ჯორჯიას" ფაქტორით?

– სახელმწიფოს მხრიდან 1 მილიონი ლარის მიცემა კერძო კომპანიისათვის ბუნებრივია დისბალანსს გამოიწვევს ბაზარზე და შესაბამისად სხვა კერძო კომპანიები, რომლებსაც არ მიეცათ სახელმწიფო დახმარება, არაკონკურენტულ გარემოში აღმოჩნდებიან, რაც ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვის გონივრულ ეჭვს აჩენს. ეს არის სახელმწიფო დახმარების მუხლი, რაც კანონშია ჩაწერილი.

- კონკურენციის სააგენტოს განცხადებით, თქვენს მიერ მიწოდებული ინფორმაცია გონივრული ეჭვის საფუძველს არ იძლეოდა ფარმაცევტული ბაზრის შესწავლასთან დაკავშირებით. რას აპირებთ ახლა, როგორ აპირებთ, რომ დაასაბუთოთ გონივრული ეჭვის არსებობის საფუძველი?

- ველოდები 11 აპრილს და შემდეგ აპრილის ბოლოსკენ სხვა გადაწყვეტილებებიც იქნება. ნავთობპროდუქტების ბაზარზე ეკონომიკური აგენტების დაჯარიმების შესახებ სასამართლო მიიღებს ამბათ უკვე პირველ გადაწყვეტილებას და თუ გახსოვთ კონკურენციის სააგენტოს წარმომადგენელმა, ბატონმა სლავამ ბრძანა, რომ ორი ეკონომიკური აგენტის მიმართ არსებობს სამართლებრივი დოკუმენტი, ანუ ხელშეკრულება, დანარჩენი ეკონომიკური აგენტების მიმართ ძირითადად ეკონომიკური ანალიზის საფუძველზე იყო დაჯარიმებული.

ეკონომიკური ანალიზი შეიძლება მოიცავდეს თუ რამდენად ვიწრო ოლიგოპოლიაა და რამდენად მცირე მოთამაშეები არიან, მათ შორის ფასებზე შეთანხმებებს.

თუ მოგების მარჟა არის ძალიან დიდი, ესეც ეკონომიკური ანალიზის საფუძველზე იძლევა იმის ეჭვს, რომ ბაზარზე შესაძლოა შეთანხმებას ქონდეს ადგილი. ასევე კომპანიების სიმეტრიულობა, რამდენად მსგავსი წილები აქვთ ბაზარზე, ელასტიურობა, - ეს ყველაფერი არის ეკონომიკური ანალიზის საფუძველი. იგივე პრინციპები და ანალიზი უნდა გამოიყენონ ფარმაცევტულ სექტორშიც.

მე მომთხოვეს, რომ წარმოვადგინო შესაბამისი მტკიცებულებები, ფარმაცევტულ ბაზარზე. მე რომ მქონდეს ესეთი მტკიცებულებების რა თქმა უნდა წარვადგენდი, თუმცა ეს კონკურენციის სააგენტოს ვალდებულებაა და მათი უშუალო მოვალეობა არის, რომ მოიპოვოს ასეთი მტკიცებულებები. მათ ავიწყდებათ, რომ უფლება აქვთ წინასწარი გაფრთხილების გარეშე შევიდნენ კომპანიებში და მოითხოვონ მათი ადგილზე შემოწმება შეტყობინების გარეშე.

- კონკურენციის სააგენტოს არგუმენტი არის, რომ ეს საგრძნობლად დააზიანებს ბიზნეს გარემოს და ასევე მათი არგუმენტია, რომ ყველას წინადადება შემოწმების შესახებ, უნდა იყოს დასაბუთებული...

- მე ვერ წარვადგენ ამ მტკიცებულებებს, იმდენად ფარული და გასაიდუმლოებულია, რომ სააგენტომ თვითონ უნდა მოიპოვოს. ნებისმიერ ადამიანს რომ შეეკითხოთ, ფარმაცევტულ სექტორში რამდენად კონკურენტული გარემოა, ყველა გეტყვით, რომ ფარმაცევტულ სექტორში რაღაც ხდება. ამ ინტერესიდან გამომდინარე, კონკურენციის სააგენტო უნდა დაინტერესდეს. ის არამარტო ბიზნესის და სახელმწიფოს, არამედ მომხმარებელის ინტერესებიდანაც უნდა მოქმედებდეს.

რამდენიმე წელია ფარმაცევტულ ბაზარზე მხოლოდ ოთხი კომპანიაა გაბატონებული. ეკონომიკური ანალიზის საფუძველზე უნდა დადასტურდეს, ვინ და როგორ შემოვიდა ბაზარზე და მოიპოვა თუ არა დიდი წილი ბაზარზე. მე მათ შევთავაზე მუშაობა, თუმცა უარი მითხრეს.

მომავალში ველოდები სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებს, მათ შორის "საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ“. ასევე მეც თვალყურს ვადევნებ რა ხდება ბაზარზე და შემდეგ უკვე ეკონომიკური მტკიცებულებებით მივმართავ მათ.