Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სივრცითი მოწყობისა და სამშენებლო საქმიანობის მოსაწესრიგებლად საჭირო კანონპროექტებზე სპეციალური ჯგუფი იმუშავებს

593807d3f0646
BM.GE
07.06.17 18:01
1501
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე გასატანად დეტალურად განიხილავს და დახვეწს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტს „სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსი“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტებს, ასევე ალტერნატიულ ვარიანტს საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილ "არქიტექტურული, ქალაქმშენებლობითი და სამშენებლო საქმიანობის შესახებ" კანონის პროექტს.

სამუშაო ჯგუფში, რომელსაც უხელმძღვანელებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია, პარლამენტის ჩვიდმეტი წევრია გაერთიანებული. პარლამენტის ინფორმაციით, ასევე მოწვეული იქნებიან დარგის სპეციალისტები და ექსპერტები. რომან კაკულიას განმარტებით, სამუშაო ჯგუფის მიზანია, საქართველოში სივრცითი მოწყობის, ქალაქმშენებლობის დაგეგმვისა და სამშენებლო საქმიანობის სფეროს მოწესრიგების მიზნით დახვეწილი საკანონმდებლო ბაზის შექმნა.

შეხვედრაზე ითქვა, რომ სივრცითი მოწყობის, ქალაქმშენებლობის დაგეგმვისა და სამშენებლო საქმიანობის სფეროს კანონმდებლობა საჭიროებს იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით სრულყოფას, ასევე, სამართლებრივი ინსტიტუტები გაფანტულია სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებში, რის გამოც, ხშირ შემთხვევაში, დარღვეულია ლოგიკური კავშირი ამ ინსტიტუტებს შორის. ეს გარემოება ნორმის ადრესატებს საკანონმდებლო რეგულაციების სწორი გამოყენებისა და ინტერპრეტაციის შესაძლებლობას უზღუდავს. დასარეგულირებელია სამშენებლო ნებართვების გაცემის სფერო. ყოველივე ამის გათვალისწინებით წარმოდგენილი კანონპროექტი სერიოზულ გადამუშავებას საჭიროებს.

რომან კაკულიას თქმით, სამუშაოს მოცულობიდან გამომდინარე, კანონპროექტი სავარაუდოდ საშემოდგომო სესიისთვის იქნება მზად პარლამენტის სხდომებზე განსახილველად.