Home
Category
TV Live Menu
Loading data...

შეკვეთილში $80-მილიონიან სასტუმროს ოპერირებას "მერიოტის" ლიცენზირებული კომპანია გაუწევს

592d636d2e6d9
BM.GE
30.05.17 16:11
1453
თანაინვესტირების ფონდის მიერ დაფინანსებული 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს პროექტი შეკვეთილში ზაფხულში გაიხსნება. სასტუმროში იფუნქციონირებს 5 სხვადასხვა კატეგორიის 220 ნომერი ხედით ზღვაზე, საპრეზიდენტო ნომრის ჩათვლით, 2000 მ³ მოცულობის აკვარიუმი, ზღვაში 150 მ-ზე შეჭრილი აუზი, ღია და დახურული საცურაო აუზები წყლის სასრიალო ატრაქციებით, 3500 კვმ. ზამთრის ბაღი.

სასტუმროს ოპერირებას გაუწევს "მერიოტის" ლიცენზირებული ერთადერთი კომპანია საქართველოში - სასტუმროების მართვის კომპანია Hotels MC.
სასტუმროს სახელწოდება ჯერჯერობით არ ხმაურდება.

"სასტუმრო სრულყოფილად იფუნქციონირებს მთელი წლის განმავლობაში და მისი კონცეფციიდან გამომდინარე, დამსვენებლებს შეეძლებათ წელიწადის ნებისმიერ დროს სტუმრობა, ასევე აღსანიშნავია სპა და მაგნიტური ქვიშის პროცედურები, რომელიც ახალ სიცოცხლეს დაუბრუნებს ამ უძველეს, ბუნებრივ, გამაჯანსაღებელ თერაპიას.

ამას გარდა იფუნქციონირებს თემატური რესტორნების ფართო არჩევანი, როგორც ეროვნული, ასევე უცხოური სამზარეულო, სადაც ჩვენი დამსვენებლები უცხოელი შეფ მზარეულის კერძებს დააგემოვნებენ. გარდა დასვენებისა, სასტუმრო მომხმარებელს სთავაზობს, კონფერენციებისა და ფორუმებისთვის სრულად აღჭურვილ საკონფერენციო დარბაზებსა და შეხვედრების ოთახებს.

განსაკუთრებული ყურადღება მიენიჭა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას, რომელთათვისაც როგორც სხვადასხვა კატეგორიის ნომრებში, ასევე სასტუმროს მთელს ტერიტორიაზე გათვალისწინებულია ინფრასტრუქტურა.

ჩვენს პატარა სტუმრებს, ბუნებრივი ტყის, ზღვისა და მაგნიტური ქვიშის პროცედურების გარდა, ელოდებათ თანამედროვე ბავშვთა გასართობი ცენტრი, რომელიც სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაზეა გათვლილი. შეკვეთილის სასტუმრო, უმაღლესი ხარისხის მომსახურებების და სტანდარტების გარდა, სტუმრებს შესათავაზებს სხვადასხვა საინტერესო გასართობ ღონისძიებებსა და გასვლით ტურებს”,- ნათქვამია "თანაინვესტირების ფონდის" ინფორმაციაში.

მათივე თქმით, პროექტის ჯამური საინვესტივიო მოცულობა 80 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.