Home
Category
TV Live Menu
Loading data...

შეიარაღებული ძალების რეზერვისტების ძირითად ნაწილს წლიური ანაზღაურება 3000 ლარი ექნება

5730278cd625e
დავით ჯალაღონია
09.05.16 09:57
1746
შეიარაღებული ძალების რეზერვისტების ძირითად ნაწილს წლიური ანაზღაურება 3000 ლარი ექნებათ. როგორც "ბიზნესკონტაქტს" თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა გიორგი თავდგირიძემ განუცხადა, ამ თანხას ის პირები მიიღებენ, რომლებიც სამინისტროს გადაწყვეტილებით ანაზღაურების სისტემას დაექვემდებარებიან.

"ამ ეტაპზე ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალი კონცეფციის მიხედვით, რეზერვისტების უმრავლესობას ანაზღაურება ექნებათ. არმიის რეზერვისტებიდან უკვებლივ ყველა მიიღებს ამ თანხას, ასევე, სპეციალისტების რეზერვში ჩარიცხული პირები კონკრეტული სპეციალობის შტატის ხელფასს მიიღებენ, რაც შეეხება ტერიტორიულ რეზერვს - ჩვენ ვმსჯელობთ, ამ კატეგორიის რეზერვისტების რა ნაწილი იქნება ანაზღაურებადი", - განაცხადა თავდგირიძემ და დასძინა, რომ რეზერვისტების ხელფასის ოდენობა ახალი კონცეფციის დასრულებისთანავე, ივნისის პირველ ნახევარში დაზუსტდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის თანახმად, არმიის რეზერვში საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში დათხოვნილი პირები და ოფიცრები მოიაზრებიან, ტერიტორიულ რეზერვში - საკონტრაქტო სამსახურიდან დათხოვნილი პირები და ოფიცრები იმ შემთხვვაშიც, თუ დათხოვნიდან 5 წელზე მეტია გასული, ასევე აქვეა გათვალისწინებული სამხედრო გამოცდილების არმქონე პირები. სპეციალისტების რეზერვში კი სხვადასხვა დეფიციტური პროფესიის კადრები ჩაირიცხებიან.

გარდა ამისა, გიორგი თავდგირიძის ინფორმაციით, არმიის რეზერვს სავალდებულო ხასიათი ექნება, რაც შეეხება დანარჩენ ორ მიმართულებას, ამ მხრივ მსჯელობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

2017 წლიდან რეზერვის ახალი სისტემის საპილოტე პროგრამის ამოქმედება იგეგმება. შეიარაღებული ძალების ახალი რეზერვის კონცეფციის დამტკიცებას პარლამენტის ნდობა ჭირდება. თავდაცვის უწყება საკანონმდებლო ორგანოს დოკუმენტს სავარაუდოდ, საშემოდგომო სესიაზე გადაუგზავნის.