Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

სესილია მალმსტრომი: სახეზეა თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით დადებითი ტენდენციები

56f002b342b20
BM.GE
21.03.16 18:17
946
"უახლოეს მომავალში ველით საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ქვეყნებში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას", – სავიზო ლიბერალიზაციის პროცესში მიღწეულ პროგრესზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარ სესილია მალმსტრომთან გამართული შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
 
გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, შეხვედრაზე განიხილეს ასოცირების შეთანხმების, კერძოდ კი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტის შესრულების მიმდინარეობა და ამ მხრივ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები. საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს.

"ჩვენ ვისაუბრეთ ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე, მთავრობის ინიციატივებზე საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობის და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისა და ეკონომიკური მოდერნიზაციის მიმართულებით. შეხვედრისას ევროკომისარს კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ, რომ მზად ვართ გავაგრძელოთ აქტიური ძალისხმევა დემოკრატიული პრინციპების, სასამართლო დამოუკიდებლობის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მაქსიმალურად დაცვის კუთხით, რაც აუცილებელია ჯანსაღი ეკონომიკური განვითარებისთვის", – აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ხელისუფლების მიზანია, ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელებით მაქსიმალური სარგებელი მიიღოს საქართველოს მოსახლეობამ. მანვე იმ დადებით ტენდენციებზე ისაუბრა, რაც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცით გათვალისწინებული რეფორმების შედეგად ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში შეინიშნება - ევროკავშირის ბაზარზე გაზრდილი ექსპორტი, სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესკომპანიების დაინტერესება საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით.

"დღეს ევროკავშირთან ასოცირების აქტიურ ფაზაში ვართ. ამ პროცესში, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეულ მხარდაჭერას, როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით, ისე ფინანსური თუ ტექნიკური დახმარების პროგრამებით. ჩვენი მხრივ, საქართველოს მთავრობა მზად არის უფრო მეტი ძალისხმევა მიმართოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების წარმატებით განხორციელებისთვის, რაც სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანას, არამედ ხელს შეუწყობს სტაბილურობის გაზრდას მთლიანად რეგიონში", – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცით გათვალისწინებული რეფორმების შედეგად არსებულ დადებით ტენდენციებზე გაამახვილა ყურადღება ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარმა სესილია მალმსტრომმა. მისი განმარტებით, ევროპულ ბაზარზე უკვე გამოჩნდა ქართული პროდუქცია, ევროკავშირის დახმარებით შეიქმნა 250 კოოპერატივი და ევროკავშირი ასევე მუშაობს საქართველოსთან სურსათის უვნებლობის მიმართულებით.

"როგორც პრემიერმა ბრძანა, სახეზეა თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით დადებითი ტენდენციები. ჩვენი მიზანი აქ ჩამოსვლის ასევე არის ის, რომ განვიხილოთ, როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ დამატებით ის ინსტრუმენტები, რასაც ეს ხელშეკრულება გვანიჭებს და იგი უნდა გამოიყენონ ქართულმა კომპანიებმა. მინდა მივულოცო პრემიერს იმ რეფორმების წარმატებით განხორციელება, რომლებიც დღის წესრიგშია ჩანიშნული. ეს ეხება კანონის უზენაესობის სფეროს, ასევე სხვა ძალზე მნიშვნელოვან რეფორმებს, სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში ასახულ მაჩვენებლებს...

ჩვენ ვხედავთ საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქტებს, როგორიც არის კივი, კენკროვანები ევროპის ბაზარზე. ასევე ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ მხარი დავუჭიროთ საქართველოში საკვების უვნებლობის მიმართულებას. 250 მცირე კოოპერატივი შეიქმნა ევროკავშირის დახმარებით. ჩვენი თანამშრომლობა სწორი მიმართულებით მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ რეფორმებს და ძალისხმევას, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველას გააჩნია ინფორმაცია არსებული შესაძლებლობების შესახებ. ამ ჭრილში უმნიშვნელოვანესია გავზარდოთ საქართველოს მხარის ინფორმირებულება მცირე და საშუალო ბიზნესის წარმოების კუთხით, იმ მხარდაჭერის შესახებ, რასაც ჩვენ უზრუნველვყოფთ ბიზნესკომპანიებისთვის. მათ საშუალება ექნებათ მოითხოვონ და მიიღონ პირდაპირი დაფინანსება, კონსულტაციები და მცირე და საშუალო კომპანიები გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანები" – განაცხადა სესილია მალმსტრომმა.